არახლოს გორა, ნახიდური, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფ. არახლოსთან (ბოლნისის მუნიციპ.), მდ. ხრამისა და მაშავრის შესართავთან, სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ-ზე, წარმოადგენს 100 – 150 მ დიამეტრისა და 5 მ სიმაღლის ხელოვნურ ბორცვს, რ-იც ერთ ადგილზე ადამიანთა ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად წარმოქმნილა.
არქეოლ. გათხრები მიმდინარეობდა 1966–86 (ხელმძღვ. ტ. ჩუბინაშვილი, დ. გოგელია). გორაკზე დადასტურებულია შულავერ-შომუთეფეს ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI–V ათასწლ.) 7 ჰორიზონტი. I–VI ჰორიზონტებზე გამოვლენილია წრიული გეგმის, ალიზით ნაგები საცხოვრებელი ნაგებობები, რ-თაგან თითოეული ასეთივე მოყვანილობის 2 ან 3 სამეურნეო ნაგებობასა და სამეურნეო ეზოსთან ერთადერთ საცხოვრ. კომპლექსს ქმნიდა და სამოსახლოს ცენტრ. მოედნის გარშემო იყო განლაგებული. ზედა ჰორიზონტზე დადასტურებულია ოთხკუთხა ნაგებობაც. VII ჰორიზონტი წარმოდგენილია ნიადაგში ჩაჭრილი ოვალური ნახევარმიწურებითა და თავდაცვითი თხრილით. ძეგლზე აღმოჩნდა ამ პერიოდის 6 სამარხი: 3 ორმოსამარხი ბორცვის კულტ. ფენებში, 3 ქვაყრილიანი ორმოსამარხი ნამოსახლარის გარეთ. ა. გ-ზე წარმოდგენილი ახ. წარმოებითი მეურნ. ფორმები – მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, უკვე ჩამოყალიბებულია და საკმაოდ მაღალ დონეზეა. აქვე დადასტურებული და განსაზღვრულია სხვადასხვა კულტ. მცენარის ნაშთები, მ. შ.: რბილი ხორბალი – Triticum aestivum, ასლი ანუ ორმარცვალა ხორბალი – Tricum dicoccum, ქონდარა ხორბალი – Triticum compactum, გვაწა-ზანდური ანუ ცალმარცვლა ხორბალი – Triticum monococcum, მახა – Triticum macha, ძველი კოლხური ასლი – Triticum paleocolchicum, სპელტა – Triticum spelta, ღომი – Setaria italica, სხვადასხვა ქვესახეობის ქერი (ორმწკრივა, მრავალმწკრივა, კილიანი, შიშველთესლიანი) – oreum sativum და სხვ. ოსტეოლოგიური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ მოშინაურებული ჰყოლიათ ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი.
ა. გ-ის შვიდივე ჰორიზონტზე აღმოჩნდა კერამ. ნაწარმი: ხელით ნაძერწი არქაული იერის მქონე ქილისებური და კასრისებური ფორმის თიხის ჭურჭელი, აგრეთვე მცირე ზომის კოჭბები და ჯამები, იშვიათად გვხვდება წითლად შეღებილი ან მოხატული კერამ. ნაწარმი. ჭურჭლის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა შემკული. მრავალფეროვანია სამეურნეო დანიშნულების რქისა და ძვლის იარაღი, ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი. ნაპოვნია ქვის მცირე ზომის 2 ქანდაკება, თიხის რამდენიმე ანთროპომორფული ქანდაკების ფრაგმენტები, სპილენძის 2 ნივთი.
ა. გ-ის ზედა ფენებში გვხვდება გვიანდ. ბრინჯაოს, ადრინდ ანტ. და ფეოდ ხანის მატერ. კულტ. ნაშთები (ნაგებობები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები, სამარხები).
ა. გ-ის სამხრ.-დას-ით აღმოჩენილია ა. გ-ის II–V ჰორიზონტების თანადროული, შედარებით მცირე ზომის 4 ნამოსახლარი.
ა. გ-ის ჩრდ.-აღმ-ით 600 მ-ზე, გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ყორღნის ყრილის ქვეშ აღმოჩნდა გვიანდ. ენეოლითური ხანის (ძვ. წ. IV ათასწლ. შუა წლები) ნამოსახლარი –არახლო VI. კულტ. ფენის სისქეა 1 მ. აქ აღმოჩნდა სამეურნეო თუ საკულტო ნაგებობების ორმოები, მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი. ძირითადად წარმოდგენილია კასრისებური ფორმის ოდნავ პირგადაშლილი შებერილმუცლიანი ჯამისებური ჭურჭლის ფრაგმენტები, რ-თაც ხშირ შემთხვევაში ტანზე გამჭოლი ნახვრეტები აქვს. გვხვდება მაღალყელიანი, სფერულმუცლიანი, იშვიათად რელიეფური ორნამენტით შემკული და ირიბი ხაზებით პირდაჭდეული ჭურჭელი. მრავალფეროვანი ქვის ნაწარმი – რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულები და სათლელები, ობსიდიანის სხვადასხვა დანიშნულების იარაღი.
ძეგლი წოფი-სიონის ტიპის ნამოსახლარებთან ერთად შულავერ-შომუთეფეს კულტურის შემდგომ საფეხურს განეკუთვნება.
ლიტ.: Чубинашвили Т. Н., К древней истории Южного Кавказа, [ч.] 1, Тб., 1971.
დ. გოგელია