ბ. ლომინაძე
ალავერდის საეპისკოპოსო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია კახეთში (კათედრა ალავერდში, ეპისკოპოსის რეზიდენცია – თელავში).
ალავერდის მონასტერი, რ-იც X ს-ში კახეთის მთავრების ძირითადი სალოცავი იყო, XI ს. დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ საეპისკოპო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ აქცია, რისთვისაც მან წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას მისივე სახეზე ააგო დიდი ტაძარი (მოღწეულია ნაწილობრივი რესტავრაციით). ა. ს. კახეთის მეფეთა მძლავრი პოლიტ. დასაყრდენი იყო. 1104, კახეთის კვლავ შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა ალავერდისა და ბედიის (დას. საქართველო) საეპისკოპოსოები გააერთიანა („ბედიელ-ალავერდელი“) და ამით ა. ს. სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა. ბედიელ-ალავერდელს გარკვეულ პერიოდში სამეფოს უპირველესი ვაზირის-მწიგნობართუხუცესის პოსტი ეკავა. ა. ს-ს საზღვრები იყო: ჩრდ-ით და აღმ-ით – კავკასიონის ქედი და მდ. სტორი, სამხრ.-აღმ-ით – მდ. თურდო, დას-ით და სამხრ.-დას-ით – კახეთისა და ცივგომბორის ქედები. მთიანეთიდან ა. ს-ს ეპარქიაში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. XVIII ს-ში ალავერდის ეპარქიას მიემატა სოფლები კონდოლი, კისისხევი, წინანდალი, ველისციხე. საყმო მამულთა უმეტესობა ალავერდის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო გაფანტული. ა. ს-ს მამულების შესახებ ცნობები, ისიც არასრული, გვაქვს XVI–XVIII სს-იდან, როცა ა. ს. უკვე საგრძნობლად დაცემული იყო. ა. ს. თავისი პოლიტ.-ეკონ. სიძლიერით საქართველოში მხოლოდ მცხეთას თუ ჩამოუვარდებოდა. ა. ს-ს ეკუთვნოდა ძველი შუამთის ყოვლადწმიდის საწინამძღვრო ეკლესია, ორმეოცთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმიდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ - კაკაბეთი, მერე, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე და სხვ. სოფლები.
ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის მამადაც (წინამძღვრადაც) ითვლებოდნენ, ამიტომ ატარებდნენ ზედწოდებას – „ამბა ალავერდელი“. XVI ს-იდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს. მალე ა. ს. მთელი კახეთის ეკლესიის ფაქტობრივი მეთაური გახდა. მის გარეშე კახეთის ეპისკოპოსების კურთხევა არ შეიძლებოდა XVI–XVII სს-ში ალავერდის ეპისკოპოსი კახეთის ერთ-ერთი სადროშოს მეთაურიცა იყო. იყო ა. ს-ს ქართლის საპატრიარქოსაგან გამოყოფის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ.
1616 ალავერდი და მისი მამულები აბას I-მა დაარბია. XVII ს. შუა წლებში კახეთში ჩამოასახლეს თურქმანული ტომები, რ-ებმაც კახეთის ნოყიერი სამეურნეო ადგილები, მ. შ. ალავერდის ადგილ-მამულიც დაიკავეს, თვით მონასტრის შენობა კი საქონლის სადგომად, ბაგად აქციეს. მაჰმადიან დამპყრობლებს ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედაც გამოუყენებიათ. იმდროინდელი უნდა იყოს ალავერდის გალავანში დღემდე შემორჩენილი მეჩეთი აბანოთურთ. 1660 აჯანყებულმა კახელებმა თურქმანები განდევნეს, მაგრამ მტრისგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII ს. დასასრულამდე ა. ს. ვეღარ აღდგა. XVII–XVIII სს. მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. ალავერდელი ეპისკოპოსი ქსნის საერისთავოში გაიხიზნა და მონასტერში შეწყდა ღვთისმცახურება. 1735 წ. 21 ოქტომბერს ალავერდი თამაზ-ხანმა ააოხრა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII ს. 80-იანი წლები.) ხელი შეუწყო ა. ს-ს სამეურნეო-ეკონ. აღორძინებას. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ (1801) რუსმა ეგზარქოსებმა ტაძარი შეათეთრებინეს და „წმინდა გიორგის“ ნაცვლად „ჯვართამაღლების“ სახელი მიაკუთვნეს. ამ დროს განადგურდა ტაძრის სამხრეთის და ჩრდილოეთის მინაშენები (სტოა) – თავის დროზე მეფეთა საძვალე-ეკვდრები. 1811 ა. ს-ს ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რაოდენობა 342 კომლს აღწევდა. ა. ს. დღესაც მოქმედია (იხ. ალავერდის ეპარქია).
ბ. ლომინაძე