ალავერდი-ხანი

ალავერდი-ხანი (უნდილაძე).

ალავერდი-ხანი (გ. 24. V. 1614), ირანის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე.

ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ოლქის ბეგლარბეგი, შაჰ აბას I-ის სამხ რეფორმების ერთ-ერთი აქტ. გამტარებელი. როგორც სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603–12). ეწეოდა დიდ სამშენებლო საქმიანობას. მისი სახსრებით აშენდა ბაზრები, ქარვასლები, ისპაანში მდ. ზენდერუდზე – ხიდი, რ-იც დღესაც მოქმედებს და მისი სახელი ჰქვია. მოულოდნელად გარდაიცვალა აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის წინ. თანამედროვენი გადაკრულად აღნიშნავენ, რომ მის სიკვდილში შაჰის ხელი ერია, თუმცა აბას I-ის ბრძანებით ა. დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ა-ის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — განჯა-ყარაბაღისა.

წყარო: ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969, გვ. 66, 68, 133, 144, 147, 159, 161.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI – XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972; კუცია კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე [ტ.] 1, თბ., 1963; ჟორდანია გ., თეიმურაზ მეფე და ძმანი უნდილაძენი, «მნათობი», 1984, №5; ფათემი მ., სპარსული მასალები XVI – XVII სს. ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982.

დ. კაციტაძე