ალანძა, ტოლოში, VIII–IX სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ მესხეთ-ჯავახეთში, მდ. ტაშლაყაშის მარჯვ. მხარეს (ასპინძის მუნიციპ.), სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ-ზე.
ა. ერთნავიანი, დარბაზული ეკლესიაა, ჩრდ-იდან ჰქონდა მოკლე, გეგმით სწორკუთხა მინაშენი, რ-ის მხოლოდ მცირე ნაშთიღაა შემორჩენილი. შიგნით და გარედან ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვით. ფასადების, კარების, სარკმლების კუთხეები, პოლასტრები, აფსიდის მხრები, კონქი, სატრიუმფო და სართავი თაღები სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ამოყვანილი. ეკლესიის შიგა სივრცეს ჰარმონიული პროპორციები აქვს – ფართოა და თავისუფალი. ნავის ჩრდ. და სამხრ. კედლებზე კაპიტელებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რ-ებზეც ნალისებრი მოყვანილობის საბჯენი თაღია დაყრდნობილი. ნალისებრი ფორმისაა აგრეთვე აფსიდი და სატრიუმფო თაღი. სამივე სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი, რაც მათ სიძველეზე მიუთითებს. ფასადი სადაა, მხოლოდ სამხრ. ფასადზეა გამოყენებული მორთულობის ცალკეული ელემენტები და კარის თავი შემკულია ადრეული ხანის ძეგლებისათვის დამახასიათებელი დეკორ. თავსართით. ძლიერ დაზიანებული, თითქმის ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღადგინეს 1978 – 79 (არქიტექტორები ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე).
ვ. დოლიძე