არბო

არბო, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის დიცის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 920 მ, გორიდან 31 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ. 293 მცხ. (2014). სოფელშია ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმი.

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ამ სოფლის სახელწოდებას უკავშირებს აბო თბილელს, მას იხსენიებს პატარა ლიახვის სოფელთა სიაში.

სოფელში შემონახულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (X ს.). ნაგებია რიყის ქვით, აღმ. ფასადი, კედლის კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. იქვე, მის გვერდით, დგას წმ. გიორგის ახ. ეკლესია (XIX ს.). ნაგებია აგურით და ნატეხი ქვით. გარედან შელესილი და შეთეთრებულია. დას. კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის კარიბჭე, რ-ის თავზეც დაშენებულია სამრეკლო.

ლიტ.: მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე