არდაზიანი ლავრენტი პეტრეს ძე [1815, თბილისი, – 1 (13). I. 1870, იქვე], მწერალი, ქართული კრიტ. რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ა-ის მამა – დეკანოზი პეტრე და დედა სოფიო განათლებული და ქართ. მწერლობის მოყვარული ადამიანები იყვნენ. ა-მა დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1837). 1846-იდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბ. სამმართველოში, „ამიერკავკასიის პრიკაზში“, გენ.-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილ. საოლქო სასამართლოში და სხვ.
სამწერლო ასპარეზზე ა. გამოვიდა შექსპირის „ჰამლეტის“ პროზაული თარგმანით („ცისკარი“, 1858) და მალე „ცისკრის“ წამყვანი თანამშრომელი გახდა. ა-მა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების ახ. მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი „ფულები“, „ცისკარი“, 1859), ხოლო ცნობილ რომანში „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ („ცისკარი“, 1861) დამაჯერებლად ასახა ძვ. სოც. ყოფის ნგრევა და ბურჟ. ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვლობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერ. თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, რომანის წარმატება თავადაზნაურთა რომანტ. სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟ. წარმომადგენლის –მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა ა-მა გვიჩვენა რომანში „მორჩილი“ („ცისკარი“, 1863).
იმდროინდელი ქართ. ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო ა-ის პუბლიც. და კრიტ. წერილები: «ჟურნალ „ცისკრის“ თორმეტი წიგნის მოკლე მიმოხილვა 1858 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ნ. ბერძენოვისა» („ცისკარი“, 1859), „პასუხი უფალ ბერძენოვის პასუხისგებაზე“ („ცისკარი“, 1859), „ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა“ („ცისკარი“, 1863). ამ წერილებში ა-მა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართ. პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“ („ცისკარი“, 1862) ა-მა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, „ცრუგანათლებულნი“.
ა-ის ფსევდონიმებია: „ბიძია თონიკე“, „ალექსი ელბაკიძე“.
თხზ.: თხზულებანი, თბ., 1964.
ლიტ.: გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1953; გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1952; ზანდუკელი მ., თხზულებანი, [ტ.] 2, თბ., 1976; კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959.
დ. გამეზარდაშვილი