არდებილი, ქალაქი ირანის აზერბაიჯანის ჩრდ.-დას. ნაწილში.
ქართ. ისტ. წყაროებში ა-ს არდაველი ეწოდება. ქალაქი დაარსებულია სასანიანთა ხანაში. IX–X სს-ში ა. სავაჭრო-სატრანზიტო გზებით დაკავშირებული იყო სამხრ. კავკასიისა და ირანის მნიშვნელოვან ქ-ებთან (ა. – ბარდავი – თბილისი, ა. – ზანჯანი, ა. – ამიდი, ა. – მარაღა – დვინი). 1208 თამარის მეფობის დროს ა-ის სულთანმა საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრა: იგი მოულოდნელად თავს დაესხა ანისს, მოსახლეობა დახოცა, ქალაქი გაძარცვა. იმავე წელს ქართველებმა დამსჯელი ლაშქრობა მოაწყვეს, აიღეს ა. და სიკვდილით დასაჯეს ა-ის სულთანი. XIII ს. დასასრულიდან ა. დერვიშულ-სუფიური ორდენის სეფევიეს შეიხების ადგილსამყოფელი გახდა, სეფევიეს ორდენის შეიხები XV ს-ში გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს, შირვანს, დაღესტანს.
სეფიანთა ირანში ა. წმინდა ქალაქად ითვლებოდა. იქ არის ორდენის ფუძემდებლის სეფი ალ-დინ ისჰაკის და შაჰ-ისმაილ I-ის საფლავები.
დ. კაციტაძე