არდისუბნის არქეოლოგიური ძეგლები

არდისუბნის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და კატეგორიის ძეგლები სოფ. არდისუბანში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.

არქეოლ. გათხრების დროს (ხელმძღვ. ნ. თუშიშვილი) გამოვლენილია: 1. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლ.) ნამოსახლარის ნაშთი. მოპოვებულია მრავალრიცხოვანი არქეოლ. მასალა (ხელსაფქვავი, კაჟის ნამგლის პირები, მოყვითალო ვარდისფერი და ვარდისფერსარჩულიანი შავპრიალა კერამ. ნაწარმი და სხვ.); 2. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ. დასაწყ.) აკლდამა, რ-შიც ქალი და კაცი იყვნენ დაკრძალული. ჩატანებული ჰქონდათ თიხის შავლეგა ჯამი, ცალყურა ტოლჩა, ძვლის კვირისტავი და შურდულის ქვა. აღსანიშნავია, რომ ტოლჩის გაბზარული ადგილები კუპრით იყო ამოლესილი. ეს კუპრის გამოყენების ყველაზე ადრინდ. შემთხვევაა საქართველოს ტერიტორიაზე; 3. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) ორმოსამარხი, რ-შიც ქალი იყო დაკრძალული. ჩატანებული ჰქონდა თიხის სხვადასხვაგვარად შემკული (გაპრიალება, კოპები, ამოკაწრული ორნამენტი) ჭურჭელი, ბრინჯაოს ნემსები, ოქროს, სარდიონისა და პასტის მძივები; 4. ადრინდ. ელინისტური (ძვ. წ. IV ს. II ნახ. – III ს.) სამაროვანი. გათხრილია 3 ქვაყუთი და ცხენის ორმოსამარხი. ქვაყუთებში აღმოჩნდა თიხის დოქები და სხვადასხვაგვარი ფიალები, ოქროს სასაფეთქლე რგოლები, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ბეჭდები, სამაჯურები, ზარაკები, ქამრის ბალთა, შუბისპირი, სატევარი, მოხრილი დანები. ცხენი შეკაზმული ყოფილა რკინის ორწილადი ლაგმით, ბრინჯაოს ბალთებითა და რგოლებით; 5. დაზვერვის შედეგად სოფ. არდისუბნის ტერიტორიაზე მიკვლეულია შუა საუკ. ძეგლები – სამაროვანი, ნასოფლარი, ლითონის სადნობი ქურა და სხვ.

ლიტ.: თუშიშვილი ნ., არდასუბნის შუაბრინჯაოს ხანის სამარხი, «მაცნე», 1967, № 4; მისივე, არდასუბნის ზოგიერთი ადრეული ძეგლი, «ძეგლის მეგობარი», 1968, № 15; მისივე, ბოგვისხევის ადრეანტიკური ხანის სამაროვანი, «მაცნე», 1970, № 3.

ს. მარღიშვილი