ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე (1876, თბილისი, – 21. V. 1944, შვარცენფელდი, გერმანია), ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი.
ა. დაიბადა დ. ავალიშვილისა და კავკასიაში ცნობილი ექიმის, წარმოშობით შვედი ე. ჰოლმბლადტის ქალიშვილის, ოლღას ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილ. I გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი – სანქტ-პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, რ-იც I ხარისხის დიპლომით და ოქროს მედლით დაამთავრა (1900). იგი დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად უნ-ტის სამართლის კათედრაზე და სამი წლით მიავლინეს პარიზში, საიდანაც 1903 დაბრუნდა.
1904 ნ. კორკუნოვის ხელმძღვანელობით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია („დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში“). იქვე კითხულობდა სახელმწ. სამართ. კურსს. 1909 მიიწვიეს სანქტ-პეტერბურგის პოლიტექ. ინ-ტში პროფესორად და ადმ. სამართ. კათედრის გამგედ. 1917 თებერვლის დემოკრ. რევ. შემდეგ დაინიშნა სენატორად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ა-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და თბილ. უნ-ტის დაფუძნების საქმეში. იყო საქართვ. საისტ. და ეთნოგრ. საზ-ბის ნამდვილი წევრი (1907). იდგა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის შექმნის სათავეებთან. 1918 წ. 27 აპრილს ა. საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ა. საქართვ. დემოკრ. რესპ. საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა. მისი პოლიტ. ორიენტაცია ქართ. ტრადიციისამებრ ევროპული იყო და ჭეშმარიტად ეროვნ. საგარეო პოლიტიკის კონცეფცია შეიმუშავა.
ბათუმის კონფერენციაში (1918 წ. 11 მაისი) მონაწილეობის დროს ა-თვის ნათელი გახდა ამიერკავკასიის ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა. მან იქვე შეადგინა დამოუკიდებლობის აქტის პროექტი და 22 მაისს თბილისში გამოგზავნა. 26 მაისს კი ეს აქტი მცირეოდენი რედ. ცვლილებებით საქართვ. ეროვნ. საბჭოს სხდომაზე საზეიმოდ გამოცხადდა.
ა-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის გერმანიასთან საქართველოსათვის ხელსაყრელი ურთიერთობის დამყარებაში. სწორედ მისი ძალისხმევით გერმანიამ არ ცნო საქართველო-თურქეთის 1918 წ. 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულება და ამით ახალქალაქი და ახალციხე საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. ასევე მისი დამსახურებაა 1918 წ. 27 აგვისტოს გერმანია–რუსეთის ხელშეკრულების მე-13 მუხლი, სადაც ნათქვამია: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ცნობაზე“.
1919 პარიზის კონფერენციაზე საქართვ. სამთავრობო ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ა-ს დიდი ბრძოლა მოუწია სამუსლიმანო საქართველოს საკითხებზე. სომხეთი, ინგლისის მხარდაჭერით, ზღვაზე გასასვლელს – ტრაპიზონის ვილაიეთისა და მესხეთის ზოგიერთი ნაწილის მისთვის გადაცემას მოითხოვდა. საქართვ. დელეგაციას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ გეგმის გასაბათილებლად. ა-მა შეადგინა ნოტა, რ-იც 1920 მარტს გადაეცა ანტანტის სახელმწიფოთა უმაღლეს საბჭოს, სადაც დამაჯერებლად იყო დასაბუთებული, რომ ყველა ეს ტერიტორია, კერძოდ ბათუმის ოლქი, არდაგანისა და ოლთისის რეგიონები ისტორიულად საქართვ. ეკუთვნოდა და მას უნდა გადასცემოდა. საქართველოს დელეგაციის, კერძოდ კი ა-ის მცდელობის შედეგად სომხეთის გეგმა ჩაიშალა.
ა. პარიზის კონფერენციაზე მხარს უჭერდა საქართველოსათვის I მსოფლიო ომში გამარჯვებული რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს მანდატის დაწესებას. მონაწილეობდა ერთა ლიგაში საქართვ. გაწევრიანების მოსამზადებელ საორგანიზაციო საქმიანობასა და ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციების მუშაობაში. აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებელი საქართვ. პირველი კონსტიტუციის მომზადებაში.
საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპ. ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ (1921) ა. ემიგრაციაში წავიდა – ცხოვრობდა საფრანგეთსა (1921–40) და გერმანიაში (1940–44). ა-ს დიდი წვლილი მიუძღვის 1921 საფრანგეთში გატანილი ეროვნ. საგანძურის გადარჩენაში. იგი ა. დეკანოზიშვილთან ერთად მარსელში დახვდა ე. თაყაიშვილსა და ი. ელიგულაშვილს და განძის მარსელის ბანკში დაბინავებაში დაეხმარა, ხოლო გერმანელთაგან საფრ. ოკუპაციის დროს ასევე მისი აქტ. ძალისხმევით მოხერხდა საქართვ. ისტ. სიძველეთა გადარჩენა.
ა. ემიგრაციის წლებში აქტიურად თანამშრომლობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთ არსებულ ბიუროსთან; 1934-39 იყო „ბამატის ჯგუფის“ წევრი. ისინი მიზნად ისახავდნენ გერმანიისა და თურქეთის დახმარებით კავკასიის გათავისუფლებას ბოლშევიკური რუსეთისგან. 1940 წ. მან იძულებით დატოვა საფრანგეთი და საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. მონაწილეობდა მიუნხენში „ქართული სამოკავშირეო შტაბის“ (1941), „ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის“ და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ (1942) დაარსებაში. იგი მიუნხენში საბჭ. კავშირისა და აღმ. ევროპის შემსწავლელი ინ-ტის წამყვანი თანამშრომელი იყო.
ა-ის პირველი საისტ. ნაშრომი „საქართველოს შეერთება რუსეთთან“ (1901), რ-საც სამეცნ. კრიტიკამ იმთავითვე მაღალი შეფასება მისცა, დაწერილია ეროვნ.-დემოკრ. მსოფლმხედველობრივი პოზიციებით. 1905–15 ნაწერებში სახელმწ. სამართლ. და ეროვნ. სახელმწიფოებრიობის საკითხებზე („საოლქო სეიმები“, „ეროვნული მოძრაობის ფორმები ევროპასა და რუსეთში“ და სხვ.) ა. ასაბუთებდა მრავალეროვანი სახელმწიფოებისათვის ფედერ. მოწყობის აუცილებლობას. მისი აზრით, ეს ქართვ. ხალხის სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განვითარებისთვისაც ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა. ამ შრომებით ა. ქართ. დემოკრ. ინტელიგენციის ერთ-ერთი აღიარებული იდეოლოგი გახდა.
ა-ის პოლიტ. მრწამსი განსაკუთრებით ვრცლად აისახა მის წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918–21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (1925 წ., საქართველოში გამოიცა შ. ელიავას რედაქციითა და წინასიტყვაობით). წიგნი შეიცავს იმ პერიოდის საქართვ. საგარეო პოლიტიკის მასალებს და მემუარული ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართვ. დემოკრ. რესპ. ისტ. შესასწავლად. ა. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადებას (1918 წ. 26 მაისი) მიიჩნევდა ძალზე პროგრ. მნიშვნელობის ისტ. აქტად, რაც განპირობებული იყო ქვეყნის წინარე პოლიტ. განვითარებისა და საშინაო თუ საგარეო მომენტების ერთობლიობით. წიგნში გაკრიტიკებულია საქართვ. მაშინდელი მთავრობა, რ-ის ქმედებებსაც არა რეალური პოლიტიკა, არამედ სოციალ.-დემოკრატების ვიწრო პარტ. ინტერესი განაპირობებდა. ემიგრაციის წლებში ა. ნაყოფიერად მუშაობდა საქართვ. შუა საუკუნეების ისტორიის საკითხებზე, რისთვისაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ამერიკის არქივებსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში მიკვლეულ მდიდარ მასალას იყენებდა. იგი ამავე დროს ძალღონეს არ იშურებდა უცხოეთში გატანილი ქართული კულტურის ნიმუშების გამოსავლენად. ა-ს მიმოწერა ჰქონდა ამერ. არქეოლოგებთან, რათა ჩაერთო ისინი საქართვ. სიძველეთა კვლევა-ძიებაში. კერძოდ, ნოქალაქევის (არქეოპოლისის) გათხრებში.
ა-ის კონცეფციით, ტრადიციულად საქართვ. სახელმწიფოებრივ განვითარებასა და კულტ. წინსვლას განაპირობებდა ევრ. სახელმწ. აქტიურობა ახლო აღმოსავლეთში, უამისოდ საქართვ. აზიური ქვეყნების გარემოცვაში დაღუპვა ემუქრებოდა. ამ თვალსაზრისით თავის ნაშრომებში ცდილობდა იმის ჩვენებას, თუ როგორ გავლენას ახდენდა საქართვ. ბედზე მისი მძლავრი მეზობლების (ბიზანტია, ჯვაროსანთა სამეფო-სამთავროები, ოსმალეთი, ყიზილბაშური ირანი, რუსეთი) საერთაშ.-სამართ. პოტენციალი და მიზნები („ტაოს მთავრის დავით კურაპალატის მემკვიდრეობა“, „დავიწყებული ვარიაცია ნაცნობ თემაზე“ და სხვ.). ზოგიერთი ცნობით მიუნხენში გერმანულად დაიბეჭდა (1944) ა-ის „საქართველოს ისტორია“, მაგრამ ამჟამად მისი კვალი არ ჩანს.
ა. იკვლევდა ძვ. ქართ. მწერლობისა და ფილოს. საკითხებს. ნაშრომში «,,ვეფხისტყაოსნის“ საკითხები» (პარიზი, 1931) იგი განიხილავს რუსთაველის კოსმოლოგიურ შეხედულებებს; უარყოფს მანიქევლობის გავლენას მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე; გამოთქვამს მოსაზრებებს რაინდობის ინ-ტის, პოემის ფაბულის შესახებ და სხვ. ნაშრომში «თეიმურაზ I და მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“» (პარიზი, 1938) მანამდე უცნობი საარქივო მასალისა და ისტ. წყაროების საფუძველზე გარკვეულია პოემის პერსონაჟთა და სიტუაციების ისტ. სანდოობის საკითხი.
ა-ს ცოლად ჰყავდა ნორვეგიელი მაია ფუგტი. ა. გარდაიცვალა ქ. შვარცენფელდში, დაკრძალეს ქ. შვანდორფში.
1993 მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და 25 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
თხზ.: საქართველოს დამოუკიდებლობა 1918–1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, ტფ., 1925; ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929 (თბ., 1989); Присоединение Грузии к Росии, СПб., 1901 (2 изд.-1906); Из истории кавказской политики, «Кавказ», Париж, 1936, №35, №36; 1937, №37, №39, №40; Geographie et legend dans un écrit apocryphe de Saint Basile, «Revue de I’Orient Chretien», 3-e serie, 1927–28 , t. 6 (26), №3–4; Notice sur une version georgienne de la caverne des tresors, apocryphe syriaque attribué à Saint Ephrem, იქვე; La succession du curopalate David d’Iberie, dynastie de Tao, «Byzantion», t. 7, Brux., 1933; A fifteenth-century Georgian needle painting in the Metropolitan Museum (New York), «Georgica», 1935, v. 1, №1; The Gross from Overseas, იქვე, 1936, v. 1, №2–3.
ლიტ.: შარაძე გ., ზურაბ ავალიშვილი, წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991.
შ. ბადრიძე
შ. ცირეკიძე