ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844–1929), ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე.
დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. სწავლობდა მოსკ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე (1862–66). იყო განახლებული ქართ. თეატრის ერთ-ერთი მესვეური და ხელმძღვანელი (1878–79), ჟურნ. „მნათობის“ რედაქტორი (1869–72). აქვეყნებდა წერილებს ქართ. თეატრზე. გამოსცა „ქართული კალენდარი“ (1867).
მისი თხზულებები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობში“, „ივერიაში“. თარგმნიდა დას. ევრ. და რუს. ლიტ-რის ნიმუშებს [ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი“ (1867, 1872), „ფიესკოს შეთქმულება“ (1872), „ყაჩაღები“, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (1901), ს. ურბანოვსკაიას მოთხრ. „თავადის ქალი, შრომა და ფუფუნება“ (1869), ჰ. სენკევიჩის „ვიდრე ხვალ“ (გამოიცა 1964), სერვანტესის „დონ კიხოტი“ (1869, შემოკლებული თარგმანი. სრული: ტ. I – 1906, 1951, ტ. II, გამოიცა 1953)]. ა-ის „მოგონებანი“ დაცულია საქართვ. თეატრ. მუზეუმში.
თხზ.: ჩემი თავგადასავალი და განცდანი, თბ., 2014.
ლიტ.: მეტრეველი ს., ნიკო ავალიშვილის ღვაწლი, წგ. თამაშის ხელოვნება, თბ., 2016.
ს. ხუციშვილი