ავენისი

ავენისი. წმ. გიორგის ეკლესია. XI ს.

ავენისი, სოფელი დუშეთის მუნიპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. არაგვის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 840 მ, დუშეთიდან 24 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

ა. ისტ. ქართლის სოფელია. XV–XVIII სს-ში არაგვის საერისთავოში შედიოდა. ვახუშტი ბატონიშვილი XVIII ს-ში იხსენიებს „ევენისად“. მდ. ავენისისხევი ქმნის ვრცელ ტერასებს, აქ, ადგილ „ნადაბნებში“ შემორჩენილია მრავალი ნამოსახლარი, ცალკეული უბნები ტერასებადაა შეფენილი ფერდობზე. ნადაბნეველთა სალოცავი ხატი ლაღაურა ყოფილა. 1804 აღწერით ა-ში 19 კომლი ცხოვრობდა.

სოფლის მახლობლად, ხეობაში, მდებარეობს ა-ის წმ. გიორგის ხუროთმოძღვრული კომპლექსი; მუნიციპ-ის მთავარი ნაგებობაა სუფთად გათლილი კვადრებით და დუღაბის ხსნარით ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა (IX–X სს.). ხუროთმოძღვრული ფორმებით იგი ახლოს დგას ზეგნისა და ნეკრესის ბაზილიკებთან. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად შესასვლელი სამხრ. ეკლესიის ცენტრ. ნაწილში ყოფილა, შემდეგ იგი ამოულესავთ და ამავე კედლის დას. ნაწილში პატარა ღიობი გაუჭრიათ. სამხრ. ეკლესია კარით იყო დაკავშირებული მთავარ ეკლესიასთან, რ-იც თავის მხრივ ჩრდ.-აღმ. ნაწილში მდებარე მცირე სადგომს უკავშირდებოდა. კომპლექსს გარს უვლის გალავანი, რ-ის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებია. 1975–77 და 1985 ჩატარებული არქეოლ. გათხრებით კომპლექსის შიგა ეზოში გამოვლინდა უინვენტარო სამარხი. სამაროვნის დიდი ნაწილი გალავნის გარეთ მდებარეობს. იგი ძლიერ დაზიანებულია და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. შიგა ეზოში და თითქმის ყველა სათავსში დადასტურდა ქვევრები. აქვეა საწნახლებიც. სამაროვნის მახლობლად დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ა-ის კვირაცხოვლის ეკლესია – მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა. მასაც გარს ერტყა გალავანი. მდ. არაგვისა და მდ. ავენისხევის შესართავში სათვალთვალო კოშკისა და კიდევ ერთი ნაგებობის ნაშთია. საძირკველის დონეზე გამოვლენილი განვითარებული შუა საუკ. ფერმკრთალი კერამიკისა და დას. კედელში გაჭრილი სათოფურების თანაარსებობა მიგვანიშნებს, რომ ძეგლი გვიანდ. შუა საუკუნეებამდეა აგებული და შემდეგაა ჩატარებული რეკონსტრუქცია. კოშკის ჩრდ.-დას-ით მდებარე გეგმით მართკუთხა სათავსი ნაგებია კარგად გათლილი დიდი და საშ. ზომის კლდისა და რიყის ქვით, აგრეთვე ტალახით. დას. კედლის შუა ნაწილში გამოვლენილი სანაცრე კერის არსებობაზე მიუთითებს. თიხის ჭურჭლის ნატეხების მიხედვით სათავსი გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება.

ზ. კალანდაძე

ჯ. გვასალია