ავეჯი, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ბინის მოსაწყობი ნივთები, დგამი. საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს იქმნებოდა განსხვავებული, კონკრეტულად იმ ეპოქისა და ქვეყნისათვის დამახასიათებელი ა., რ-იც ასახავდა და ეხმაურებოდა ადგილ. ესთეტიკურ შეხედულებებს. ქართ. ხალხ. ა-იც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა; მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართ. ხითხუროობის ხელოვნებაში. გამოირჩევა თავისი კონსტრუქციით, მხატვრული შემკულობით, ლაკონიურობით, ეროვნ. კოლორიტით. ზედმიწევნით არის გათვალისწინებული ა-ის ფუნქცია.
დანიშნულების მიხედვით ქართ. ხალხ. ა. რამდენიმე ჯგუფად იყოფა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ა. განსაკუთრებით მრავალფეროვანია საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანი: სკამ-ლოგინი, ტახტი, საწოლი, მერხი (მეფი), აკვანი, ლაჭანი, აღმ. საქართვ. მთიანეთში საწოლად იყენებდნენ გრეხილ ავეჯსაც (ჩაფი, ჯინი). საწოლი ა-ის აღსანიშნავად ქართულ წერილობით ძეგლებში X ს-მდე „სარეცელი“ და „ცხედარი“ გვხვდება. X–XVII სს-ში „სარეცელს“ „ტახტი“ ენაცვლება.
სასხდომი ა-იდან აღსანიშნავია „სამამაცო“ (საკაცო) სკამი, სავარძელი (საკარცხული, „სამარტი სკამი“), კერის სკამები – „ჩიკა“, „ჩიტა“ (სამფეხა) და სხვ. „სკამი“ წერილობით წყაროებში სასხდომი ა-ის სხვა სახელებთან (სელი, დასაჯდომელი) ერთად იხსენიება („ვეფხისტყაოსანი“, „ხელმწიფის კარის გარიგება“ და სხვ.). სიტყვა „სკამი“ (სამამაცო სკამი) „მრავალთ სასხდომელ“ ა-ს აღნიშნავდა; სავარძელი ნახსენებია ოშკის ბიბლიაში (წგნ. IV მეფეთა, 4,10). ქართ. ეთნოგრ. ყოფაში გავრცელებულ სავარძელთაგან თავისი დანიშნულებითა და დახვეწილი ფორმებით სვანური „საკურცხილ“ გამოირჩევა. იგი ოჯახის უფროსის საპატიო სკამი იყო.
სატრაპეზო ა-ია ხონჩა-ტაბლები. ტაბლა პურობისათვის განკუთვნილი სუფრაა, რ-იც ძვ. ქართ. წერილობით ძეგლებში მაგიდის მნიშვნელობით იხმარება. ეთნოგრ. ყოფაში სხვადასხვა მოყვანილობისა და დანიშნულების სუფრები გვხვდებოდა: ხევსურული „ტაბლანი“, მთიულური „ტაბლა“, თუშურ-ფშაურ-მოხეური ხონჩა. ეს უკანასკნელი სამ- ან ოთხფეხიანი იყო. თუშეთში ხონჩას დანიშნულების მიხედვით განასხვავებდნენ. „საკეტავიანი ხონჩა“ სასტუმრო იყო, „სახორცე ხონჩა“ კი, სვანურ „ლაზრულ ტაბაგის“ მსგავსად, მხოლოდ ხორცის დასადებად იხმარებოდა. მთიულეთ-გუდამაყარში სამფეხა მრგვალი ტაბლა გვხვდება. ამგვარ სუფრებს განეკუთვნება სვანური „ფიჩქიც“.
მრავალფეროვანია სათავსებელი ა. – კიდობანი, სკივრი, ზანდუკი, ხელყუთები (ტაგრუცი, კროჭი, მაქალოზი). აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები, თახჩა და ა. შ.; კიდობანი ხის ა-ის ყველაზე გავრცელებული ძვ. სახეობაა. „ვეფხისტყაოსანში“ იგი იარაღის სათავსისა და ტახტრევანის მნიშვნელობით იხსენიება. ხევსურეთსა და თუშეთში კიდობანს კარადის მსგავს რამდენიმე განყოფილებიან დგამს უწოდებენ. დღეს კიდობანი უმთავრესად მარცვლეულის შესანახად იხმარება (მაგ., „სულადის კიდობანი“).
ქართ. ხალხ. ა-ის ერთ-ერთი თავისებურებაა ორნამენტაცია ანუ „დაჭრელება“. ორნამენტი („ჭრელი“) ა-ის მეტად დამახასიათებელი კომპონენტია და თავდაპირველად ძვ. ხალხ. რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდებოდა, დღეს კი მხოლოდ ნივთის დეკორ. გაფორმებას ემსახურება. ხალხ. ა-ის ჩუქურთმის ძირითადი მხატვრული მოტივები იყო: „ბორჯღალა“ (მზე), „ხუთა“ (ვარსკვლავი), „ხატი“ (ჯვარი) და სხვ.
ხალხ. ა-ის ზოგიერთი სახეობა დაკავშირებული იყო ისეთ ჩვევებთან, როგორიცაა უფროსების პატივისცემა და სტუმარმასპინძლობა: ოჯახის უფროსის, საპატიო სტუმრისა და დიასახლისის სკამები იდგა კერასთან, მამაკაცებისათვის განკუთვნილი მერხი, რ-ის ადგილიდან დაძვრა იკრძალებოდა და გაყრის შემთხვევაშიც კი ოჯახში რჩებოდა. „სამამაცო“ და „სადიაცო“ ადგილები, ისე როგორც ინტერიერში ადგილსამყოფელი, „ყვერფნკერანის“ მხარეებით განისაზღვრებოდა. მარჯვ. მხარეზე საკაცო მერხი იდგა, მარცხენაზე კი საქალო. კერის გამიჯვნა საკაცო და საქალო მხარეებად გამოწვეული იყო შრომის დანაწილებით საოჯახო მეურნეობაში მამაკაცსა და ქალს შორის.
ლ. ბედუკიძე