ავრანლო

ავრანლო (თეზი).

ავრანლო (ისტ. თეზი), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. ქციის ნაპირზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 1580 მ, წალკიდან 32 კმ. 789 მცხ. (2014).

ისტ. წყაროებში ა. თეზის სახელწოდებით პირველად 1691 მოიხსენიება, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ის ფარემუზ ჯავახიშვილს უწყალობა. „ა.“ უწოდეს 1828–29 ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. სოფელს გადმოჰყურებს ძვ. წ. I ათასწლ. ბოლო მეოთხედის დიდი ნაციხარი, რ-ის ციკლოპური წყობით ნაგები 2–2,5 მ სისქის კედლები განლაგებულია სამ იარუსად: მთის ძირას, ფერდობსა და წვერზე. ნაციხრის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული ფეოდ. ხანის ეკლესია. მის სამხრ-ით, კლდოვან ფერდზე, საფლავის ქვაზე XII–XIII სს. ექვსსტრიქონიანი ნუსხური წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს საფლავი ვიღაც დაყუდებული მწიგნობრის ძისაა. სოფლის ეკლესიები ახალია და ძვ. ქართ. სალოცავებზეა აგებული, რასაც მათ წყობაში ჩაყოლებული არქიტ. დეტალები მოწმობს. აქვე ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს კლდეში გამოკვეთილ აბიბოს ნეკრესელის მონასტერს. კანიონში მართლაც არის გამოქვაბულები და შიგ ორი დარბაზული ეკლესია. ისინი გვიანდ. ხანის გადაკეთების კვალს ატარებენ, მაგრამ ადრინდ. ფეოდ. ხანის უნდა იყოს. ზედა საყდრის საკურთხეველში შერჩენილია სტელის ან ქვაჯვრის კვარცხლბეკი, რ-ზედაც ჯვარია გამოსახული. ქვედა საყდარს მშრალი წყობის გალავანი არტყია, ასეთივე წყობისაა მცირე სადგომები. მონასტერს ჰქონია დარან-სამალავებიც. სოფელში მოქმედებს წმ. გიორგის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.

დ. ბერძენიშვილი