ალბანეთი

ალბანეთი კავკასიისა. ქრისტიანული სამყარო.

ალბანეთი კავკასიისა, ერთ-ერთი უძველესი ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო სამხრ. კავკასიის. აღმოსავლეთშ. ნაწილში.

მოიცავდა ახლანდ. აზერბ. ტერიტორიას და დაღესტნის სამხრ. ნაწილს (მცირე კავკასიონის მთიანეთიდან და მდ. არაქსისა და მტკვრის ქვემოწელიდან მოკიდებული კავკასიონის ქედის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთამდე და კასპიის ზღვიდან ვიდრე იორ-ალაზნის ქვემოწელამდე, ანუ იბერიის სამეფოს საზღვრამდე). „ალბანეთი“ (Albania) პირველად ძვ. წ. IV ს. ბერძნ. წყაროებში იხსენიება. ზოგი მკვლევრის აზრით, კავკ. და ბალკ. ნ.-კ-ის ა-ის სახელწოდებათა დამთხვევა იმით აიხსნება, რომ კავკასია – მცირე აზია – ხმელთაშუა ზღვის სამყაროს უძველესი მოსახლ. ენაზე სიტყვა „ალბ“ – „ალპ“ მთიანეთს აღნიშნავდა. ძვ. ქართ. წყაროებში „ალბანეთი.“ გვხვდება ფორმით „ალვანეთი“, სომხურში - „აღვანქის“. ა-ის მოსახლ. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო (ალბანელები, გარგარელები, გელები, ლეგები, ჰერები, სუჯები და სხვ., სულ, ანტ. ავტორთა ცნობით, 26 ენაზე მოლაპარაკე ტომი). ალბანური ენა იბერიულ-კავკ. ენათა ჯგუფს განეკუთვნებოდა. სოც.-ეკონ. წყობით ალბანური ტომები განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იდგნენ. მოსახლ. ნაწილი მისდევდა მწყემსურ მესაქონლეობას და ნახევრად მომთაბარულ ცხოვრებას, ნაწილი – ინტენსიურ მიწათმოქმედებას. ა-ის დაბლობები დასერილი იყო სარწყავი არხებით, რ-თა ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი; მაღალ დონეზე იდგა მევენახეობა და მებაღეობა; განვითარებული იყო ხელოსნობა, რასაც მოწმობს იალოილუთეფეს, მინგეჩაურის არქეოლ. კულტურები. ალბანელთა წარმართული პანთეონის პირველი ღვთაება იყო მთვარე, რ-ის მთავარი ტაძარი იბერიის საზღვართან მდებარეობდა. გავრცელებული იყო მზის თაყვანისცემაც. ალბანელები პირველად იხსენიებიან გავგამელასთან ბრძოლის დროს აქემენიდთა ლაშქრის შემადგენლობაში (ძვ. წ. 331). ძვ. წ. უკანასკნელ საუკუნეებში ა-ში მიმდინარეობდა პირველყოფილ-თემური წყობილების რღვევა და ყალიბდებოდა ადრინდ. კლასობრივი ურთიერთობები. ძვ. წ. I ს-ში ა. ადრინდ. კლასობრივი სახელმწიფო იყო (დედაქალაქი კაბალა). მისი მეფე ორისი სომხ. მეფე ტიგრან II-სა და იბერიის მეფე არტაგანთან ერთად იგერიებდა რომის შემოტევას (ლუკულუსის და პომპეუსის ლაშქრობანი ძვ. წ. 69 – 67 და 66 – 65). ამავე ხანებში ა-ის დას. ნაწილი იბერიის პოლიტ. და კულტ. გავლენის სფეროში მოექცა, ხოლო მტკვრის მარჯვ. ნაპირის პროვინციებს სომხ. სახელმწიფო დაეპატრონა. III–V სს-ში ა-ში ფეოდ. ურთიერთობა ყალიბდებოდა. IV ს-ში სახელმწ. რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა. ა-ის ავტოკეფალიურ ქრისტ. ეკლესიას სათავეში ედგა კათალიკოსი. V ს-ში შეიქმნა ალბანური დამწერლობა. ჯერ კიდევ III ს-ში ა. სასანიანთა ირანმა დაიმორჩილა. VI ს-ში სასანიანებმა საბოლოოდ გააუქმეს მეფის ხელისუფლება და ა. ირან. პროვინციად აქციეს. მოსახლეობა შეუპოვრად ებრძოდა დამპყრობლებს. კავკ. სხვა ხალხებთან ერთად ალბანელები მონაწილეობდნენ ავარაირის ბრძოლაში (451). ანტისპარსული სახალხო აჯანყებები ეწყობოდა შემდეგშიც (481–82, 571–72). VI–VII სს. მიჯნაზე ა-ში დაწინაურდა გარდმანის მფლობელთა – მიჰრანიდთა ფეოდ. გვარი, რ-მაც აღადგინა ა-ის დამოუკიდებლობა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გარდმანის მთავრის ჯავანშირის მმართველობის პერიოდი. ეროვნ.-განმათ. ბრძოლაში ალბანელებს ეხმარებოდნენ ქართველებიც (ადარნასე ქართლის ერისმთავარი).

VII ს. შუა ხანებში ა. არაბებმა დაიპყრეს. ამ პერიოდიდან დაიწყო ა-ის მოსახლ. გამაჰმადიანება. დას. ა. (ჰერეთი, შაკიხი), რ-იც უძველესი დროიდანვე ქართ. კულტურის სფეროში მოექცა, VIII ს. I ნახ-ში ქართველთა ერისმთავარ არჩილის საგამგებლოში შედიოდა. არაბთა სახალიფოს დასუსტებას VIII ს. დასასრ. და IX ს. დასაწყისში მოჰყვა მის პერიფერიებში დამოუკიდებელი ადრინდ. ფეოდ. სამთავროების წარმოქმნა. ა-ის ტერიტორიაზე ასეთი ერთეულები იყო მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე არანშაჰების სამთავრო (X ს. ბოლოს არანშაჰიდები შედადიდების დინასტიამ შეცვალა), მტკვრის მარცხ. სანაპიროზე – შირვანი (შირვანშაჰ მაზიადიდების დინასტია), გარდა ამისა, დარუბანდი (ჰაშიმიდების დინასტია) და ჰერეთი, რ-იც ფაქტობრივად ქართ. სამთავრო იყო და ბაგრატიონთა დინასტია ედგა სათავეში. XI ს-ში სამხრ. კავკასია თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და მასობრივად დასახლდნენ ა-ის ტერიტორიაზე, რასაც ადგილ. მოსახლეობასთან ასიმილაცია მოჰყვა. ა-ის მოსახლ. ერთმა ნაწილმა აზერბ. ხალხის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა, მეორე ნაწილი კი კახელებს, მთიანი ყარაბაღის სომხებსა და დაღ. მოსახლეობას შეერწყა.

წყარო: მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1985.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; Вопросы истории Кавказской Албании Сб. ст., Баку, 1962.

დ. მუსხელიშვილი