ალბანური დამწერლობა (კავკასიისა), კავკასიის ალბანელთა დამწერლობა.
შედგება 52 ნიშნისაგან. ტექსტი იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. ა. დ-ის ძიება დაიწყო XIX ს-ში. 1937 ი. აბულაძემ XV ს. სომხ. ხელნაწერთა ეჩმიაძინის ფონდში უძველეს ანბანთა ცხრილში აღმოაჩინა ალბ. ანბანი, რ-საც დაწერილობის მიხედვით IX – X სს. მიაკუთვნებენ. ანბანს სომხ. ტრანსლიტერაციით მიწერილი აქვს თითოეული ასოს სახელწოდება, რაც იძლევა გასაღებს შესაბამის ბგერათა (ფონემათა) რაობის დასადგენად. ვარაუდობენ (ა. შანიძე და სხვ.), რომ ა. დ. უნდა მომდინარეობდეს ბერძნ. ანბანის პრინციპზე ორიენტირებული არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობიდან. ტიპოლოგიურად უახლოვდება ქართ. და სომხ. დამწერლობებს, ხოლო ანბანის რიგით განსხვავებულია მათგან. 1948 – 54 მინგეჩაურში (აზერბ. რესპ.) აღმოჩენილი ქვისა და თიხის ფილებზე (კარნიზი, საბაზმე, ჯვრის ბაზისი და სხვ.) ამოკვეთილი მრგლოვანი წარწერებიც ალბანურადაა (დაახლ. VI ს.) მიჩნეული, თუმცა ამ ფრაგმენტული და დეფექტური წარწერების ზოგი ასო არ ემთხვევა ალბ. ანბანს.
ლიტ.: Абуладзе И. В., К открытию алфавита кавказских албанцев, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 4, ნაკვ. 1; მისივე, Новое сведение о сушествовании письменности у кавказских албанцев, «Сообшения Груз. Филиала АН СССР», 1940, т. 1, № 4; Шанидзе А. Г., Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 4, ნაკვ. 1; მისივე, Язык и письмо кавказских албанцев, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, №1.
ე. ჯეირანიშვილი