დამწერლობა

დამწერლობა, მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემის საშუალებით. დ-ში გრაფ. ნიშნები მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამი, სიტყვა, მარცვალი, ბგერა) სიმბოლოებია. დ-ის ისტორიაში გამოყოფილია 5 ძირითადი საფეხური: 1. ხატოვანი ანუ პიქტოგრაფიული; 2. იდეოგრაფიული; 3. სიტყვიერმარცვლოვანი (ლოგოგრაფიულ სილაბური); 4. მარცვლოვანი (სილაბური); 5. ანბანური.

პ ი ქ ტ ო გ რ ა ფ ი ა – ხატოვანი დ. – აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალებაა, იგი გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი – გამონათქვამის ზოგად აზრს. სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი სახე. მას დ-ს პირობითად უწოდებენ. პიქტოგრაფიული დ-ის ნიმუშები ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში: მესოპოტამიაში, სამხრ.-დას. ევროპაში, ამერიკასა და ციმბირის მკვიდრ მოსახლეობაში. მას იყენებდნენ ცენტრ. აფრიკისა და ავსტრალიის თანამედროვე ტომებიც. ი დ ე ო გ რ ა ფ ი ა პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხურია. ამ სახის დ-ში ნიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს. იდეოგრაფიულ დ-ში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გრაფ. სიმბოლოებიც. იდეოგრაფიული დ-ის ნიმუშები დადასტურებულია ძვ. შუმერში (ძვ. წ. III ათასწლ.), ამერ. ინდიელთა ტომებში.

ლ ო გ ო გ რ ა ფ ი უ ლ - ს ი ლ ა ბ უ რ ი, ანუ სიტყვიერ-მარცვლოვანი დ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული სისტემა იყო. იგი ახლაც იხმარება ჩინეთში. მისი საფუძველია მრავალი მნიშვნელობის იდეოგრამა. სიტყვას უკავშირდება დეტერმინატივებითა და დამატებითი გრაფ. ნიშნებით, რ-ებიც აღნიშნავენ ბგერით ერთეულებს. სიტყვასთან დაკავშირებულ იდეოგრაფიულ ნიშანს ლოგოგრამა ეწოდება. ლოგოგრაფიულ – სილაბურ დ-თაგან ცნობილია ძვ. ეგვიპტური (ძვ.წ. IV ათასწლ.), შუმერული (ძვ.წ. III ათასწლ.), პროტოელამური (ძვ.წ. III ათასწლ.), პროტოინდური (ძვ.წ. III ათასწლ.), ხეთური (ძვ.წ. II ათასწლ. შუა ხანებიდან).

ს ი ლ ა ბ უ რ ი, ანუ მ ა რ ც ვ ლ ო ვ ა ნ ი დ. ეწოდება ისეთ სისტემას, სადაც გრაფ. ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას, არამედ ბგერით თანამიმდევრობას (მარცვალს). სილაბური დ. ორგვარი წარმოშობისაა. მათი ერთი ნაწილი ლოგოგრაფიულ-სილაბური სისტემის გამარტივების შედეგია, მეორე კი მიღებულია ე.წ. კონსონანტურ დ-ში გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. სილაბური დ-ის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და სამხრ.-აღმ. აზიაში.

დ-ის ა ნ ბ ა ნ უ რ ი ს ი ს ტ ე მ ე ბ ი შეიცავს ბგერების (ფონემები, ალოფონები) აღმნიშვნელ ნიშნებს (ასოები). იგი სათავეს იღებს ძვ. სემიტური, ე. წ. კონსონანტური დ-იდან, რ-იც გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან ფინიკიაში, სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დ-ის სათავეა ბიბლოსის სილაბური დ.; ფინიკიური დ. დაედო საფუძვლად წინააზიურსა (იხ. სტ. არამეული დამწერლობა ) და ბერძნ. დ-ებს (ძვ. წ. IX ს.). ბერძნ. დ-ში გამოიყოფა 2 შტო: დასავლური და აღმოსავლური. დასავლურბერძნულმა დასაბამი მისცა ეტრუსკულ, ლათინურსა და ძვ. გერმანულ რუნულს. ლათ. დ. საფუძვლად დაედო ევრ. ხალხთა დ-ებს. აღმოსავლურბერძნულიდან განვითარდა კლასიკური, მოგვიანებით კი – ბიზანტ. ბერძნული. ქართ. დ. წერის დამოუკიდებელი, ორიგინ. სისტემაა, რ-იც გადმოსცემს ქართ. მეტყველების ბგერით შემადგენლობას და ქმნის ეროვნ. ქართ. ენის წერილობითსა და ბეჭდვით ფორმას (იხ. სტ. ქართული დამწერლობა).

ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე  თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, გამოც. მე-2, თბ., 1990; Д и р и н г е р  Д., Алфавит, пер. с англ., М., 1963; И с т р и н  В.А., Возникновение и развитие письма, М., 1965; Л о у к о т к а  Ч., Развитие письма, пер.с чеш., М., 1950; G e l b I.J., A study of writing, rev.ed., Chi., 1963; J e n s e n H., Die Schrift in Vergangenheit und Gegenwart, 3. Aufl., B., 1969.

ვ. ახვლედიანი