ალენი (Allen) უილიამ ედუარდ დეივიდ (6. I. 1901, ლონდონი, – 18. IX. 1973, დუბლინი), ინგლისელი ისტორიკოსი, კავკასიოლოგი.
განათლება მიიღო იტონის კოლეჯში. საბერძნ.-თურქ. ომის (1921–22) და მაროკოში საფრ. არმიის ოპერაციების (1925) დროს ყურადღება მიიპყრო როგორც სამხ. კორესპონდენტმა. 1926 პირველად ესტუმრა საქართველოს, 1928 – ლაზისტანს. 1929 აირჩიეს პარლამენტის წევრად დამოუკიდებელი იუნიონისტებისაგან. 1931 გავიდა ამ პარტიიდან. II მსოფლიო ომის დაწყებამდე მოგზაურობდა და ეწეოდა ისტ. კვლევა-ძიებას. 1943–49 იყო დიპლ. სამსახურში. 1949 ა. გადადგა სამსახურიდან და დაბრუნდა სამშობლოში – ირლანდიაში.
1920 გამოქვეყნდა ა-ის პირველი ნაშრომი „თურქები ევროპაში“ (მოკლე ისტორია). 1932 დაიბეჭდა მისი მიმოხილვითი ნაშრომი „ქართველი ხალხის ისტორია“, XX ს-ის 30-იან წლებში ა. სერ ოლივერ უორდროპთან, ჯონ ბედელისთან, ა. გუგუშვილთან და სხვებთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნ. „გეორგიკაში“.
1943–50 პროფ. პ. მურატოვთან ერთად გამოსცა ორი წიგნი: „რუსეთის სამხედრო კამპანიები 1941–43 და 1944–45“. 1952 გამოქვეყნდა „ბრძოლის ველები კავკასიაში: ისტორია ომებისა თურქეთ-კავკასიის საზღვარზე 1828–1921“; 1963 – მონოგრაფია „თურქეთის სახელმწიფო ძალაუფლების პრობლემები XVI ს-ში“; 1969 – „რუსეთის ელჩობები ქართველი მეფეების კარზე 1589 – 1605“ (2 ტ.), რ-იც ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას XVI–XVII სს. მიჯნაზე.
თხზ.: A history of the Georgian people, L., 1971; Russian embassies to the Georgian Kings, v. 1 – 2, Camb., 1970.