ალექსანდრე III

ალექსანდრე III. იმერეთის მეფე.

ალექსანდრე III (გ. 1660), იმერეთის მეფე 1639–60. გიორგი III-ის უფროსი შვილი.

ოსმ. ვასალად ითვლებოდა. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდ. ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს (ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირან. აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკ. სახელმწიფოსთან, სადაც რამდენიმეჯერ (1649, 1651, 1656) გაგზავნა ელჩები. 1651 წ. 9 ოქტ. ხელი მოაწერა მოსკ. ხელმწიფის ერთულების ფიცის წიგნს.

ა. III ოცი წლის განმავლობაში ებრძოდა ოდიშის მთავარს ლევან II დადიანს. 1657, როცა ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი კაცი ვამეყი დანიშნა (1658). იმერეთის საზღვარი მდ. ცხენისწყლიდან უნაგირას მთამდე გადაიტანა. გურიელადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე მთავარი დაიმორჩილა და რამდენადმე განამტკიცა იმერეთის სამეფოს საშინაო მდგომარეობა. მისი გარდაცვალების შემდეგ დას. საქართველო კვლავ ფეოდ. ანარქიამ მოიცვა.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV–XVII სს.), [წგ.] 2, თბ., 1965; რეხვიაშვილი მ., დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში, თბ., 1978; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ჯამბურია