ალექსანდრე მაკედონელი, ალექსანდრე დიდი (Alexandros ho Megas) (ძვ. წ. 21. VII. 356, ქ. პელა, – ძვ. წ. 13. VI. 323, ბაბილონი), მაკედონიის მეფე 336-იდან. ძვ. სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე, მაკედონიის მეფის, ფილიპე II-ისა და ეპირის მეფის ასულის, ოლიმპიადას ძე, 13 წლიდან არისტოტელეს მოწაფე.
334–326 წლებში დაიპყრო მცირე აზია, სირია, ფინიკია, პალესტინა, ეგვიპტე-ლიბია, მესოპოტამია, სპარსეთი, ცენტრალური აზია, ინდოეთი და შექმნა პირველი უდიდესი ევრაზიული სახელმწიფო, საფუძველი დაუდო ახ. მსოფლიო ცივილიზაციას – ელინიზმს.
ა. მ-ის მოღვაწეობის და პიროვნების შესახებ მეცნიერებაში, ხატოვან სიტყვიერებასა და ხელოვნებაში დღემდე დაგროვილია უმდიდრესი მემკვიდრეობა, მეცნ. კვლევის პარალელურად, ითხზვებოდა თქმულებანი, ლეგენდები, ზღაპრები, რომანები. მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ძველთაგანვე ესა თუ ის ისტორიკოსი თავისი ქვეყნის წარსულს ა. მ-ის სახელს უკავშირებდა. ამდაგვარი ტენდენციები შეიმჩნევა ქართ. ისტორიოგრაფიაშიც. IX ს. ძეგლის „მოქცევაი ქართლისაის“ უცნობი ავტორის მტკიცებით ა. მ. მოსულა არიან-ქართლში (რ-იც მდებარეობდა არა მტკვრის ხეობაში, არამედ, სადღაც შორს, სამხრ-ით). არიან-ქართლიდან ა. მ. წამოსულა ჩრდ-ით, მტკვრის ხეობისაკენ და თავის ჯართან ერთად წამოუყვანია იქაურ ქართველთა მეფის ძე, სახელად აზო. ა. მ-ს დაუპყრია ქალაქები ციხეებითურთ (სარკინე, კასპი, ურბნისი, ოძრხე) და დაუსვამს აზო „არიანელი“ მეფედ „ძველ მცხეთაში“, ხოლო თვითონ გაბრუნებულა სამხრ-კენ; ამის შემდეგ აზოს თავისი სამშობლო არიან-ქართლიდან მცხეთაში ჩამოუყვანია მრავალი „სახლი“ (გვარი) და ასე დაწყებულა „ახალი ქართლის“ დაფუძნება. XI ს. ისტორიკოსი ლეონტი მროველი თავის თხზულებაში – „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ იტყობინება, რომ ა. მ. ქართლში ჩრდ-იდან კავკასიონის გადმოვლით მოსულა; ა. მ-ს იერიში მიუტანია საქართველოს ციხე-ქალაქებზე, მაგრამ ვერაფერს გამხდარა და უკან გაბრუნებულა. ხოლო მას შემდეგ, რაც მან „დაიპყრა ყოველი ქვეყანა“, ხელმეორედ მოსულა, მცხეთა აუღია და მისი მამასახლისი სამარი მოუკლავს. აუღია სხვა ციხეებიც, ყველა ველური ტომი გაუწყვეტია, ხოლო ქართველებისათვის მეფედ თავისიანი, მაკედონელი დაუნიშნავს, სახელად აზონ არედოსის ძე, რ-ისთვისაც 100 ათ. ჯარისკაცი „ჰრომის ქვეყნიდან“ დაუტოვებია. ა. მ-ს აზონისთვის უბრძანებია ქართველთა შორის შვიდთა მნათობთა თაყვანისცემის დაწესება. შემდგომში ეს ვერსიები ძირითადად გაიმეორეს ვახუშტი ბატონიშვილმა, თეიმურაზ ბატონიშვილმა და მარი ბროსემ.
სამხრ. კავკასიაში, კერძოდ საქართველოში ა. მ-ის ლაშქრობის ვარაუდი ისტ. წყაროებით არ დასტურდება. ეს მცდარი ინფორმაცია კი მომდინარეობს იქიდან, რომ ინდოეთის კავკასიონი – ძვ. პარაპამისოსი, ანუ შემდეგდროინდელი ჰინდუქუშის მთები, გააიგივეს პონტოს კავკასიონთან, რადგანაც პარაპამისოსზე არის მწვერვალი –კროუკასი, რ-იც ფონეტიკურად უახლოვდება „კავკასს“. ა. მ-მა მართლაც გადაიარა ინდოეთის კროუკასი, რაც ზოგიერთ მაშინდელ წყაროში პონტოს კავკასიონად იქნა გააზრებული. ასე გაჩნდა გაიუს პლინიუს უფროსის (I ს.), რუფუს კვინტუს კურციუსის (I ს.) და გაიუს იულიუს სოლინუსის (III ს.) თხზულებებში ა. მ-ის კავკასიისა და მისი „მთავარი ქვეყნის“ – იბერიის დალაშქვრის ამბავი. მაგრამ ძვ. ავტორებმა მაშინვე დაიწყეს თავიანთ ისტორიოგრაფიაში გაპარული შეცდომის გასწორება. „ორი კავკასიის“ ერთმანეთში აღრევისა და ნამდვილ კავკასიაში ა. მ-ის არყოფნის შესახებ დამაჯერებლად წერდნენ პოლიბიოსი (ძვ. წ. II ს.), სტრაბონი (I ს.) და არიანე ფლავიუსი (II ს.). თუმცა, ეს უკანასკნელი „ანაბასისში“ გვაწვდის ცნობას, რომ თითქოს ა. მ-ს განზრახული ჰქონდა კავკასიაში ლაშქრობა და აქ გამავალი დიდმნიშვნელოვანი სავაჭრო გზის დაუფლება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის შეხედულებები ა. მ-ზე. იგი საფუძვლიანად წარმოგვიდგენს ამ დიდი ხელმწიფის საქმეებს, აღმავლობას და ბოლოს მსოფლიო მბრძანებლად გადაქცევას, მაგრამ ერთი სიტყვითაც არაფერს ამბობს ა. მ-ის საქართველოში ყოფნისა თუ არყოფნის თაობაზე. შესაძლოა დავითის ისტორიკოსი არ იცნობს ამგვარ წყაროს, ან თუ იცნობს, იმდენად არასწორად მიიჩნევს, რომ მას მსჯელობის ღირსადაც არ თვლის. მისთვის მთავარია ა. მ-ის და დავით აღმაშენებლის შედარება. ამ შედარებით კი ისტორიკოსი გვარწმუნებს, რომ დავითი ნიჭით, საქმით, განზრახულობით, სიმხნითა და სიმამაცით „მრავლითა მაღლა“ იდგა ა. მ-ზე „ვაების ღირსად“ მიაჩნია ჰომეროსიც, არისტობულეც და იოსებ ფლავიუსიც, რ-ებიც „თხრობათა ნივთად საქმენი დავითისანი“ არა ჰქონიათ, და რომ ჰქონოდათ, აი მაშინ გენახათ, რასაც ნიშნავსო ნამდვილი გმირი და საქმენი საგმირონი.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. -2, თბ., 1955 – 59.
ლიტ.: ალექსიშვილი მ., ალექსანდრე მაკედონელი, თბ., 1950; გოზალიშვილი გ., პროგრესული ელემენტი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობაში, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1950 ტ. 8; სანიკიძე ლ., ალექსანდრე მაკედონელი, თბ., 1984.
ლ. სანიკიძე