ალექსანდროვი ანატოლი პეტრეს ძე [31. I (13. II). 1903, ქ. ტარაშჩა, კიევის ოლქი, – 3. II. 1994, მოსკოვი], რუსი ფიზიკოსი, რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1953) და პრეზიდენტი (1975–1986), საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო აკადემიკოსი (1979-იდან). სამგზის სოციალ. შრომის გმირი (1954, 1960, 1973), ლენინური პრემიის ლაურეატი (1959), ოთხგზის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1942, 1949, 1951, 1953).
კიევის უნ-ტის დამთავრებისთანავე (1930) მუშაობა დაიწყო სსრკ მეცნ. აკად. ფიზ.-ტექ. ინ-ტში, 1946– 55 იყო სსრკ მეცნ. აკად. ფიზ. პრობლემათა ინ-ტის, ხოლო 1960-იდან – მ. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტის დირექტორი. ა-ის სამეცნ. შრომები დიელექტრიკების ფიზიკასა და მაღალმოლეკულური ნაერთების თვისებებს ეხება, მუშაობდა ბირთვული რეაქტორების შექმნაზე.
სსრკ V – VI, IX – XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: კოზლოვი ე., ანატოლი ალექსანდროვი, კრ.: ფიზიკოსების შესახებ, თბ., 1990; Александров Анатолий Петрович… «Вестник АН СССР», 1953, № 12.