ალექსი-მესხიშვილი გიორგი ვლადიმერის ძე (დ. 2. III. 1941, თბილისი), სცენოგრაფი, ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1988), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1979).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1967). შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა (1977-იდან) და ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი (1986-იდან). გააფორმა სპექტაკლები: ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე“ (1970), ა. სუმბათაშვილის „ღალატი“ (1974), ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცი წრე“ (1975), მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), პ. კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“ (1992) – რუსთაველის სახ. თეატრში; ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“ (1973), ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“ (1978), ჩ. დიკენსის „დიდი იმედები“ (1979) – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში; გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984), ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1986), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1988) – ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში; უ. შექსპირის „როგორც გენებოთ“ (1981) – დიუსელდორფის დრამატულ თეატრში; მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ (1983) – მოსკ. სამხატვრო თეატრში; მ. შატროვის „ბრესტის ზავი“ (1988) – მოსკ. ა. ვახტანგოვის სახ. თეატრში და სხვ. მუშაობს ინტერიერისა [გობელენი (1985, კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლი, ბორჯომი), პანო (1987, თოჯინების ქართული თეატრი, თბილისი)] და კინოს გაფორმების დარგში - „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (1985), „აშიკ-ქერიბი“ (1988; 1989 მიენიჭა ევროპის კინოს პრიზი „ოსკარი“) და სხვ. ნამუშევრებში ვლინდება თანამედროვე მხატვრული აზროვნება, მდიდარი ფანტაზია, მაღალი ფერწერული ოსტატობა.
ქ. კინწურაშვილი