ალექსიშვილი ოთარ იასონის ძე (30. III. 1914, თბილისი, - 6. IX. 1974, იქვე), რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1970).
1934 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1934 – 40 რეჟისორ-სტაჟიორად მუშაობდა ჯერ ვ. მეიერხოლდის თეატრში, შემდეგ - მ. გორკის სახ. მოსკ. სამხატვრო თეატრში. 1940 საქართველოში დაბრუნდა და რეჟისორად მუშაობდა გორის, ხაშურის, ქუთ., თბილ. მოზარდ მაყურებელთა და სხვ. თეატრებში. 1965 – 68 იყო ჭიათურის, 1968-იდან - გორის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1972-იდან კი - საქართვ. ტელევიზიის რეჟისორი. ა-ის რეჟისურა გამოირჩეოდა კომპოზიციური მთლიანობით, მკვეთრი სცენური გამომსახველობით, მკაფიო თეატრალობით. ა-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: გ. ხუხაშვილის „ცხოვრება კაცისა“, გ. მდივნის „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“, ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი“, პ. კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, გ. სუნდუკიანის „პეპო’ და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე