ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) შალვას ძე [15 (28). IX. 1915, თბილისი, - 21. VI. 1978, იქვე], არქიტექტორი, საქრთვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961), რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1969), შ. ალექსი-მესხიშვილის შვილი.
1939 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1941– 44). მუშაობდა „საქსახმშენშახტპროექტში“ (1944–58), „თბილქალაქპროექტში“(1958–60), „საქსოფლმშენსახპროექტში“ (1960–63), იყო „თბილქალაქპროექტის“ მთავარი არქიტექტორი(1963–68), არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი (1968-იდან გარდაცვალებამდე). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1955-იდან). ძირითადი ნამუშევრები: სანატორიუმი „იმერეთი“ წყალტუბოში (1957; ლ. ჯანელიძესთან ერთად, თ. ფანიაშვილის მონაწილეობით), თბილისში – სპორტის სასახლე (1961; ი. კასრაძესთან ერთად, კონსტრუქტორი დ. ქაჯაია), რესტორანი „იორი“ (1962; ნ. ვადაჭკორიასა და ვ. მეგრელიშვილთან ერთად), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1967; გ. გაბაშვილთან ერთად; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, 1972), მეტროპოლიტენის სადგ. „თავისუფლების მოედნის“ ქვედა ვესტიბიული (1967; ქ. კობახიძესთან ერთად), ჭადრაკისა და ალპ. კლუბის შენობა (1973; გ. ღუდუშაურთან ერთად; საქართვ. კომკავშირის პრემია, 1974), ცენტრ. ტელეგრაფის შენობა (1978; თ. მიქაშავიძესთან ერთად; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1983), გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში (xx ს-ის 70-იანი წწ.; სსრკ სახელმწ. პრემია, 1988; ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ.
ა.-მ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნაგებობის რელიეფთან მისადაგება, მსუბუქი და სადა პროპორციები, ტექტონიკურად ლოგიკური სტრუქტურები, ნათელი, მახვილი ფორმის ძიება, დეკორისა და ხელოვნებათა სინთეზის თავშეკავებული გამოყენება. მნიშვნელოვანია მისი გრაფ. ესკიზები, ჩანახატები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისის საბურთალოს პანთეონში.
ლიტ.: ჯაფარიძე ა., მგზნებარე სულის შემოქმედი, «საბჭოთა ხელოვნება», 1984 №8.
ს. კინწურაშვილი