ალექსიძე ალექსანდრე დიმიტრის ძე (7. I. 1937, თბილისი, - 11. I. 1991, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1978).
თსუ ფილოლ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო აკად. ს. ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით ასპირანტურაში ბერძნ.-რომაული ფილოლ. განხრით და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თსუ კლასიკური ფილოლ. კათედრაზე. 1974–76 იყო თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენების სახელმწ. ინ-ტის რექტორი. ავტორია 80-მდე ნაშრომისა კლასიკური ფილოლ. და ბიზანტინოლოგიის სფეროებში ქართულსა და უცხო ენებზე. საერთაშ. აღიარება მოუტანა მონოგრაფიებმა „XIII–XIV საუკუნეების ბერძნული სარაინდო რომანის სამყარო“ (1976, გამოიცა ერთდროულად ქართულსა და რუს. ენებზე) და „XI–XII საუკუნეების ბიზანტიური ლიტერატურა“ (1989, რუს. ენაზე), რ-შიც ახლებურადაა გადაჭრილი ბიზანტ. საერო ლიტ-რის მრავალი აქტუალური პრობლემა. ახ. თაობის მეცნიერთაგან მან პირველმა იმოგზაურა ათონის მთაზე, მოინახულა ივერთა ლავრა, რასაც მიუძღვნა მონოგრაფია „ათონი ათასწლოვანი“ (1982). მისი ვრცელი მიმოხილვითი წერილი ქართ. ლიტ-რის ისტორიაზე დაიბეჭდა გალიმარის ფრანგ. ენციკლოპედიაში. ა. ავტორია რუს. აკადემიის მიერ გამოსაცემად მომზადებული „ბიზანტიური კულტურის“ სამტომეულის იმ თავებისა, რ-ებიც ბიზანტ. საერო ლიტ-რას ეძღვნება.
წლების მანძილზე ა. მიწვეულ პროფესორად მუშაობდა სტრასბურგის (საფრანგეთი), კრეტის, იანინის (საბერძნეთი) უნ-ტებში, იყო ბიზანტინოლოგიის და კლასიკური ფილოლოგიის სფეროებში საერთაშ. ფორუმების მონაწილე და ორგანიზატორი, ამ დარგებში გამოცემათა უცხოური სერიების სარედაქციო კოლეგიებისა და ვინკელმანის საერთაშ. საზ-ბის (გფრ) წევრი.
მუშაობდა საქ. კპ ცკ-ის განყ-ბის გამგედ. 1981–91 ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართვ. კომიტეტს, იყო საქართვ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
რ. გორდეზიანი