ალექსიძე დიმიტრი (დოდო) ალექსანდრეს ძე [23. II (8. III). 1910, თბილისი, - 4.XII. 1984, იქვე], რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე, საქართვ. (1955), უკრ. (1969), აფხ. (1975), სსრკ (1978) სახ. არტისტი, შოთა რუსთაველის (1985), კ. მარჯანიშვილის (1976) და ტ. შევჩენკოს (1970) სახ. პრემიების ლაურეატი.
დაამთავრა თბილ. პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლა და ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1934 მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. ინ-ტი. 1935-იდან იყო რუსთაველის სახ. თეატრის დამდგმელი რეჟისორი (195–64 - მთავარი რეჟისორი). მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტ. სპექტაკლები: გ. მდივნის „ალკაზარი“ (1935) და „სამშობლო“ (1936), ს. მთვარაძის „გზაჯვარედინზე“ (1938), ფ. ვოლფის „პროფესორი მამლოკი“ (1941); გარდა ამისა, სიცოცხლითა და ხალისით სავსე, გონებამახვილური კომედიური სპექტაკლები: ო. სკრიბის „ჭიქა წყალი“ (1941), ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“ (1942), კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“ (1943), გ. სუნდუკიანის „პეპო“ (1951), ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“ (1953), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1958); დრამები და ტრაგედიები, რ-ებშიც ერთმანეთს ერწყმის მაღალი გრძნობა, ფსიქოლოგიზმი და ინტელექტი: მ. მრევლიშვილის „ნ. ბარათაშვილი“, ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“, ა. პოპოვის „ოჯახი“ და სხვ. ა-ის-თვის საეტაპო სპექტაკლად იქცა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1955) – ფართო განზოგადების, ჭეშმარიტად ტრაგედიული სპექტაკლი. 1959 დადგა დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“ (ვაჟა-ფშაველას მოტივების მიხედვით), 1964 – ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“. 1964 – 70 ა. კიევში მოღვაწეობდა. ი. ფრანკოს სახ. აკად. თეატრში დადგა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1965) და ნ. კულიშის „პათეტიკური სონატა“ (1966). 1967 დაინიშნა კიევის ლესია უკრაინკას სახ. რუს. თეატრის მთავარ რეჟისორად, სადაც დადგა ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“. 1968-იდან ფრანკოს სახ. აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. 1970 იგი თბილისს დაუბრუნდა და მარჯანიშვილის სახ. თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც დადგა ფ. შილერის „დონ კარლოსი“ (1970), ა. კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა“ (1971), სოფოკლეს „ანტიგონე“ (1972), ნ. გოგოლის „ქორწინება“ (1972), ა. ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ (1973). ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ჯ. ვერდის „ოტელო“ (1979), ხოლო სოხუმის ქართ. თეატრში - უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (1984). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1939 – 64 და 1970 – 84 იყო თბილ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგე, 1950 – 51 - ინ-ტის დირექტორი, ხოლო 1966-იდან - კიევის თეატრ. ინტის პროფესორი და თეატრ. სტუდიის ხელმძღვანელი.
1973 – 84 იყო საქართვ. თეატრ. საზ-ბის თავ-რე. გამოაქვეყნა წიგნები: „მსახიობის აღზრდის საკითხისათვის“ (1956), „რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე“ (1961).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ნ. გურაბანიძე