ალექსიძე ზაზა ნიკოლოზის ძე

ზ. ალექსიძე

ალექსიძე ზაზა ნიკოლოზის ძე (3. VIII. 1935, თელავი – 24. I. 2023, თბილისი), ისტორიკოსი და ფილოლოგი, საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2013), საფრ. წარწერებისა და ნატიფი მწერლობის აკადემიის უცხოელი წევრი (2011). ისტორიის მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985).

დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1958). იქვე იყო არმენელოგიის კათედრის გამგე (1979–2016). შემდეგ – თსუ-ის ემერიტუს (საპატიო) პროფესორი ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის დირექტორი (1989–2006). 2006-იდან ხელმძღვანელობს ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის ტექსტოლოგიისა და კოდიკოლოგიის განყ-ბას, ხოლო შემდეგ აღმოსავლური და სომხ. ხელნაწერების განყ-ბას. არის საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართვ. ისტ. წყაროების კომისიისა და მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, ეპიგრაფიკისა და ხელნაწერთა მინაწერების სექციის ხელმძღვანელი.

ა. იკვლევს ადრინდ. შუა საუკ. კავკასიის სოც., ისტ., კულტ. და იდეოლოგიის პრობლემებს. მან კრიტიკულად დაადგინა, ქართ ენაზე თარგმნა, სამეცნ. გამოკვლევები დაურთო ძვ. სომხ. მწერლობის ძეგლებს („ეპოსტოლეთა წიგნი“, თბ., 1968; უხტანესი, „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“, თბ., 1975). მასვე ეკუთვნის არსენ საფარელის თხზულების „განყოფისა ქართლისა და სომხითის“ მეცნ. პუბლიკაცია (1980). აღმოაჩინა და გაშიფრა სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ალბანური პალიმფსესტი. მისი უშუალო მონაწილეობით გამოვიდა სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების სამენოვანი კატალოგი (2005), მის სახელთან არის დაკავშირებული „მოქცევაი ქართლისაის“ ახალი სინური რედაქციების გამოცემა, ბაგრატიონთა და რუვისთაველთა შესახებ უახლესი ცნობების გამოვლენა და გამოქვეყნება. ა-ის შრომებმა, რ-ებიც შექმნილია რამდენიმე ჰუმანიტარული მეცნიერების (ისტორია, ფილოლოგია) სინთეზის საფუძველზე არა მარტო ახლებურად დააყენა კავკასიოლოგიის ბევრი პრობლემა (კავკასიაში რელიგ. სიტუაციის, ქართ. დამწერლობის გენეზისისა და განვითარების გზების, ქართ. საერო მწერლობისა და რითმიანი პოეზიის უძველესი ეტაპის, ცალკეულ უძველეს სოც. ტერმინთა და სხვა საკითხები), არამედ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთო კავკ. პრობლემატიკის კვლევის თანამედროვე დონის შექმნას.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003), სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საპატიო ოქროს მედლით (2005).

თხზ.: ატენის სიონის სომხური წარწერები, თბ., 1978, მხედრული დამწერლობის სათავებთან, „ცისკარი“, 1978, №5-6 (თანაავტ გ. აბრამიშვილი), ატენის სიონის ოთახი წარწერა, თბ., 1983; ქართული წყაროების შესწავლის მეთოდური საკითხები (აგიოგრაფია), თბ., 1985; უძველესი ცნობა ბაგრატიონთა დინასტიის შესაებ, ანამკი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2002 გვ. 23-36; ქრისტიანული კავკასია, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, კრ. 1-2,3, თბ., 2011, 2016, თელოგიური პოლემიკა კავკასიაში, VI საუკუნე, თბ., 2015, „საქმენი იოვანე ზედა ზადნელისანი“ და მარტვილობაი აბიბოს ნეკრესელისაი (სინური რედაქციები) თბ., 2019.

გამოც.: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964 (თანავტ. შ. ბურჯანაძე); თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი, კრ. :მრავალთავი [ტ] 1, თბ., 1970 გვ. 146–157; კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა, აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, თბ., 2003.


ნ. აფციაური