დანდალო

დანდალო, დ ო ნ დ ა ლ ო, სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), აჭარის ქვაბულში, მდ. აჭარისწყლის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები). ზ. დ. 720 მ, ქედიდან 19 კმ. 485 მცხ. (2002).

დ. პირველად მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობათა წიგნში (XVI ს.). სოფლის მახლობლად, მდ. აჭარისწყალზე, შემონახულია ძვ. ქვის თაღოვანი ხიდი, რ-იც სამშ. ხელოვნების მიხედვით, XI–XII სს. ხიდების ტიპისაა.

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. რუს. ხელისუფლებამ აქ ბათუმი – ახალციხის გზატკეცილი გაიყვანა და ძვ. ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ, 300 მ-ში, აგებულია ახ. ხიდი).

დ-ს ძვ. ხიდი ქართ. სახიდე-სამშ. ხელოვნების უნიკალური ძეგლია. მდინარეზე გადასული მსუბუქი და თხელი მალის სიგრძეა დაახლ. 20 მ, სიგანე – 3,3 მ, ხიდის სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილ. კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია.

მის აღმ-ით, მაღალ კლდეზე, შუა საუკ. ციხის ნანგრევებია. მოსახლეობა მას კავიანის ციხეს ეძახის.

ლიტ.: კ ვ ე ზ ე რ ე ლ ი - კ ო პ ა ძ ე  ნ., საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972.

ი. სიხარულიძე