ალიევა დილარა ალექპერის ასული(1929, თბილისი, - 19. IV. 1991, ყაზახი), აზერბაიჯანელი მკვლევარი, ფილოლოგი, ქართველოლოგი, ირანისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
ბაქოს უნ-ტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში, რუსთაველის სახ. ქართული ლიტ. ისტ. ინ-ტში აკადემიკოსების კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის ხელმძღვანელობით. 1953 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“, რ-იც ცალკე წიგნად გამოქვეყნდა (1958). მუშაობდა ჯერ ნიზამის მუზეუმში, შემდეგ აზერბ. მეცნ. აკად. ნიზამის სახ. ლიტ-რის ინ-ტში. თარგმნა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას, გ. ლეონიძის და სხვა ქართვ. მწერალთა თხზულებები, აღმოაჩინა და გამოაქვეყნა 1937 რეპრესირებული პოეტის ჯავადის ხელნაწერი - „ვეფხისტყაოსნის“ აზერბაიჯანული თარგმანი.
ა-მ 1987 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („ნიზამი და საქართველო“).
აქტიურად მონაწილეობდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. ტრაგიკულად დაიღუპა 1991 გაზაფხულზე.
ა. გვახარია