ალიხანიანი ისააკ სიმონის ძე [26. I (7. II). 1876, დუშეთი, – 15. III. 1946, თბილისი], სომეხი მსახიობი. სომხ. (1923) და საქართვ. (1941) სახ. არტისტი. 1896 დაამთავრა ნერსესის სომხ. სას. სემინარია თბილისში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1897. იყო ბაქოს (1897–1903, 1907–09), თბილ. (1903 – 06, 1910 – 21), დონის როსტოვის (1906–-07) დასების მსახიობი, რეჟისორი, ხელმძღვანელი. ა. სომხეთში (ერევანი) პირველი სახელმწ. თეატრის (ამჟამად გ. სუნდუკიანის სახ.) შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორია (1921). 1922-იდან თბილ. სომხ. თეატრის მსახიობი იყო. თამაშობდა დრამ. და სახასიათო როლებს. ა-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო სიწრფელე, უშუალობა, სისადავე. როლები: ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ოსვალდი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“), პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), სეირანი (ა. შირვანზადეს „ნამუსი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბერსენიევი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე