ახალგორის განძი, ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი.
აღმოჩნდა 1908 ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან (ახალგორის მუნიციპ). ნივთები შეაგროვა და ყოფილი კავკასიის მუზეუმისთვის შეიძინა ე. თაყაიშვილმა. ა. გ. არის ქალის მდიდრული სამარხის ინვენტარი.
განძის შემადგენლობაში იყო 5 ან 6 ცხენის აღკაზმულობა, ლითონის, ძვლის, მინისებრი პასტისა და ქვის სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები და სხვ. დიდი ნაწილი ადგილ. ნაწარმია და მოწმობს მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეს ძვ. წ. I ათასწლ. შუა წლებში. ა. გ-ის ოქროს სამკაული (სასაფეთქლე საკიდები, საყურეები, გომბეშოებიანი ყელსაბამი, რკალგახსნილი საბეჭდავები, რ-თა ფარაკებზე ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული) ადრინდ. ანტ. ხანის ქართ. ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ვერცხლის ნივთებიდან აღსანიშნავია იმდროინდელ კულტ. სამყაროში ფართოდ გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობას მიეკუთვნება რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტა, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები. ა. გ-ის ტიპის ლაგმები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია აღმოჩენილი. ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტ. გავლენის კვალი ემჩნევა. ბრინჯაოს ნივთები ამ გავლენისაგან თავისუფალია. ა. გ. ძ. წ. IV ს. დასასრ. მიეკუთვნება და მიუთითებს ქართლისა და, შესაბამისად, საერთოდ საქართვ. მოსახლეობის მკვეთრ ეკონ. და სოც. დანაწევრებაზე ძვ. წ. I ათასწლ. შუა ხანაში. ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმებში.
ლიტ.: Смирнов Я. И., Ахалгорийский клад, Тфл., 1934.
ი. გაგოშიძე