ალპინარიუმი, ბოტანიკური ბაღის, სკვერის ან პარკის ერთი უბანი, სადაც თავმოყრილია მაღალმთის (ალპური) მცენარეები.
ეწყობა ხელოვნურად შექმნილ მცირე სიმაღლის ქვიან გორაკზე. მცენარეებს უმეტესად რეგიონალური პრინციპით ან ფიტოცენოზების მიხედვით რგავენ (სუბალპ. ტყე, სუბალპ. ბუჩქები, სუბალპ. მდელო, ალპ. ხალები და ა. შ.). ა-ს ბუნებრივ იერს აძლევს ხელოვნური ნაკადული, რუ, ჩანჩქერი, ტბორი და სხვ. საქართველოში ა. მოწყობილია ბაკურიანსა და ყაზბეგში. აქ თავმოყრილია კავკასიონის მთავარი ქედისა და სამხრ. მთიანეთის ალპ. მცენარეები. ცალკე გორაკი ეთმობა ციმბირისა და შუა აზიის მცენარეებს.
ნ. კეცხოველი