აწანგვარა

აწანგვარა (აფხ. ა-წან-ი-გუარა, წან-ი-გუარა ‒ წანთა სადგომი), ბრინჯაოს ხანის ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რ-შიც ზაფხულობით მწყემსების ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი.

აფხ. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შემონახულია გადმოცემები ა-ის შესახებ. ერთნი მას ქონდრის კაცთა (აფხ. „აწან“) საცხოვრისად თვლიან, მეორენი ‒ დას.-ქართ. ერთ-ერთი ტომის ‒ წანების (ა-წან-ი გუარა) სადგომად, ე. ი. განსაზღვრულ ეთნ. ჯგუფს უკავშირებენ.

ა. ქვის რთული ნაგებობაა. შედგება ოთხკუთხა ან მრგვალი სახლებისაგან. აღნაგობის მიხედვით გაირჩევა განცალკევებული ა-ები და ა-თა ჯგუფები, რ-ებიც ნაგებობათა კომპლექსებს ქმნიან. ამ უკანასკნელებს აფხაზები „წანთა ქალაქს“ (აფხ. „აწანაა რიქალაქ“) უწოდებენ. ა-ები გავრცელებულია კავკასიის ალპ. ზონაში, განსაკუთრებით მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მეჯოგეთა მსგავსი სადგომი აღმოჩენილია არქეოლ. გათხრების დროს თეთრი წყაროს მახლობლად.

ბრინჯაოს ხანაში მეჯოგეთა მკვიდრი საზაფხულო საცხოვრისების მშენებლობა სამთაბარო მესაქონლეობის განვითარებაზე მიუთითებს. ა-ებს მეჯოგეები დიდხანს იყენებდნენ. აფხაზეთში დადასტურებულია ა-ების გადახურვა და გამოყენება უახლეს ხანაშიც.

ლიტ.: ადამია ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 2, თბ., 1968; ჯანაშია ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959; Бжания Ц. Н., Из Истории хозяйства абхазов, Сух., 1962; Инал-Ипа Ш. Д., Страницы исторической этнографии абхазов, Сух., 1971.


ა. აფაქიძე