აწუნთის ქედი, ქედი ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, მდ. ანდაქისა (არღუნის მარჯვ. შენაკადი) და მდინარეების პირიქითისა და თუშეთის ალაზნის სათავეების წყალგამყოფი მერიდიანული ქედი.
აერთებს ბორბალოს მთას (კავკასიონის მთავარ ქედზე) თებულოს მასივთან. აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებით. ქედზეა აწუნთის უღელტეხილი, მწვერვალები: ამღა, პირჩიტა და სხვ. არის თანამედროვე მყინვარები (ჩრდ. ნაწილში) და ძვ. გამყინვარების ნიშნები; ნივალური, ალპ. და სუბალპ. სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონები.
მ. უთმელიძე