აწყურელი (გამყრელიძე) დავით მერაბის ძე (1863, სოფ. აწყური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი ‒ 9. IV. 1928, თბილისი), მსახიობი.
დაამთავრა თბილ. სამასწავლებლო სასწავლებელი. პარალელურად მონაწილეობდა შინაურ წარმოდგენებში. პროფ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1883 თბილ. მუდმივ ქართ. დრამ. დასში. იყო ვ. აბაშიძის სკოლის მსახიობი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთ., თელავისა და ბაქოს ქართ. თეატრებში. თამაშობდა უპირატესად კომედიურ და სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა გარდასახვის ნიჭით, უშუალობით, ტემპერამენტით, მშვენიერი გარეგნობით, ხმის ლამაზი ტემბრით. ა-ის მიერ განსახიერებული როლები აკოფა, პეტუა, გიჟუა (ა. ცაგარლის „ხანუმა“, „ციმბირელი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ბესო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი), გიჟ-მოზე, კაკული, ისაია, (გ. სუნდუკიანის „დაქცეული ოჯახი“, „პეპო“, „ხათაბალა“), შმაგა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), რეპეტილოვი (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), მასხარა (უ. შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვ. აქტიორული ოსტატობის ნიმუშებია.
ა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილ. და საქართვ. სხვა ქ-ების სახ. თეატრების მოღვაწეობაში. დაწერა, გადმოაკეთა და თარგმნა 15-მდე პიესა.
ლიტ.: ბუხნიკაშვილი გ., თეატრალური პორტრეტები, თბ., 1958.
შ. ცუცქირიძე