აწყურის საეპისკოპოსო

აწყურის საეპისკოპოსო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. სავარაუდოა, რომ იგი შეიქმნა V ს-ში. 506 დვინის საეკლ. კრებას უკვე 24 ქართველი მღვდელმთავარი ესწრებოდა, რ-თა შორის მეცნიერები ვარაუდობენ მაწყვერელსაც.

მაწყვერლები აქტიურად იყვნენ ჩაბმული როგორც საეკლესიო, ისე შინაპოლიტ. ცხოვრებაში (იხ. გიორგი მაწყვერელი, ეფრემ მაწყვერელი).

აწყურის საყდარი მსხვილი მიწათმფლობელი იყო. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIII ს. II ნახევარში საქართვ. მთავრობის მიერ საეკლ. მამულების მიტაცების დროს განსაკუთრებით დაზარალებულა აწყურის საყდარი. კათოლიკოსისა და ნიკოლოზ მაწყვერლის მხილებებს არავინ უგდებდა ყურს. აღდგომისწინა დღეს მომხდარა მიწისძვრა, რ-საც აწყურისა და მცხეთის საყდრები დაუქცევია.

სხვა მამამთავართა შორის მაწყვერლის უპირატესობა დადასტურებულია XIII და XIV სს. საერო საკანონმდებლო ძეგლებში: „განგება დარბაზობისა“ და „გარიგება ხელმწიფის კარისა“. პირველში ქართველ მღვდელმთავრებს შორის აწყურის ეპისკოპოსს მეხუთე ადგილი უკავია, მეორეში კი, სამხრ. საქართველოს ეპისკოპოსებში იგი მეორე ადგილზეა იშხნელის შემდეგ.

ჯერ კიდევ ადრეც და განსაკუთრებით ოსმალთა გაძლიერების შემდეგ, XIV–XV სს-იდან, ანტიოქიის პატრიარქს არაერთგზის გამოუგზავნია თავისი ხალხი საქართველოში შესაწევრის მისაღებად. საბუთებიდან ჩანს, რომ ისინი ათაბაგების გულის მოსაგებად სეპარატისტულ განწყობილებას აღვივებდნენ და საათაბაგოს ეპისკოპოსებს ქართლის კათოლიკოსისადმი ურჩობისაკენ უბიძგებდნენ. ეს კარგად ჩანს 1414 – 26 დაწერლ გერასიმე მაწყვერლის ერთგულების წიგნში ქართლის კათოლიკოს მიქაელისადმი. აქ აწყურის ეპისკოპოსი პირობას დებს, რომ იგი მარადჟამს მეფისა და კათოლიკოსის მლოცველ-მომხსენებელი იქნება ისევე, როგორც ძველად; არ მოიხსენიებს ანტიოქიის პატრიარქს და არც მისგან გამოგზავნილ კაცს შეიწყნარებს; კათოლიკოსის გარეშე არც ვარძიის დიაკონს აკურთხებს და არც საფარის სამწყსოს; კათოლიკოსის მიერ დალოცვილი ან შეჩვენებული, ასევე დარჩება მაწყვერლისგანაც.

XV ს. II ნახევრიდან ყვარყვარე II ათაბაგმა თავისი სამთავროს ეკლესიურად გამოყოფაც მოინდომა ქართლის კათოლიკოსისაგან. მან მიიმხრო საერო თუ სას. წრეების უმაღლესი წარმომადგენლები, მიაღწია იმას, რომ სასურველ ეპისკოპოსებს თვითონ სვამდა და მაწყვერლობასაც თვით სთავაზობდა რომელიმე მათგანს. ათაბაგის გამთიშველ საეკლ. პოლიტიკას წინ აღუდგა ქართლის კათოლიკოსი დავითი. იგი მივიდა სამცხეს, საფარის მონასტერთან (აქ იყო ათაბაგების რეზიდენცია და საძვალე) და უმცხეთოდ დანიშნული მაწყვერელიცა და სხვა ეპისკოპოსებიც „უჯუარობით“ და „შეუნდობლობით“ დასაჯა. კათოლიკოსის ამ ნაბიჯს უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია, რადგან კათოლიკოსისაგან შეჩვენებულ მღვდელმთავრებს ამიერიდან ეკრძალებოდათ ღმრთისმსახურების ჩატარება. საათაბაგოს მაღალი სამღვდელოება იძულებული გახდა დამორჩილებოდა კათოლიკოს-პატრიარქს, რ-იც ეპისკოპოსებს წერილობით გაფორმებულ ერთგულების ფიცს ართმევდა.

ქართ. და სპარს. წყაროების ცნობით, XV ს. 80-იან წლებში სამცხეში ულაშქრია იაყუბ-ყაენს (იხ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში). მას აუღია ახალციხე და აწყური, საიდანაც მრავალი ტყვე წამოუყვანია და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც წაუღია. მანუჩარ ათაბაგმა დიდძალი ვერცხლის ფასად დაიხსნა იგი და ისევ აწყურის ტაძარში დაასვენა.

აწყურის ეპისკოპოსის ეპარქია თავიდან მთელი სამცხე იქნებოდა. შემდეგ აქ წარმოიქმნა წურწყაბის საეპისკოპოსო. XVI ს. დოკუმენტის (სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხა) ცნობით, მაწყვერელი გვირგვინ-ბისონიანი ეპისკოპოსია; მისი სამწყსო ყოფილა ხეობის ტერიტორია ყვიბის ‒ კორტანეთს შორის მდებარე წყაროს ზევით, სადგერის ხევი, აწყვერი მიმდებარე ტერიტორიით, დიასამიძის სახლი და ახალციხისწყლის დასავლეთი ნაწილი გურიის საზღვრამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში მაწყვერელი პირველ ადგილზეა დასახელებული, როგორც უპირველესი მღვდელმთავარი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში.

XVI ს. დასაწყისში, მზეჭაბუკის ათაბაგობის დროს, ისევ განახლდა ბრძოლა ა. ს-ს გამოყოფისათვის. მაშინ ამას ხელს უწყობდა მზეჭაბუკის წარმატებები პოლიტ. ასპარეზზე და ისიც, რომ ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი სწორედ ამ დროს სწვევია სამცხეს. მას სპეციალურად დაწერილი საბუთით უფლება მიუნიჭებია მაწყვერლისათვის საათაბაგოს ეპისკოპოსთა უმცხეთოდ კურთხევისა; მზეჭაბუკის საბრძანებელი მის წესსა და განკარგულებას უნდა დამორჩილებოდა, მთლიანად მისი სამწყსო უნდა გამხდარიყო. ამავე ხანებში მზეჭაბუკს აწყურის საყდრისათვის შეუწირავს ზარზმის დიდებული მონასტერი მთელი თავისი ყმა-მამულით, აგრეთვე აჭარისა და გურიის მამულები, რ-ებიც მაშინ ათაბაგს ჰქონია დაპყრობილი.

შემორჩენილი წერილობითი ძეგლების მიხედვით, ირკვეკვა, რომ ათაბაგის ბრძოლა ამჯერადაც მარცხით დამთავრებულა, მზეჭაბუკი გასცლია პოლიტ. ასპარეზს და მონაზვნად აღკვეცილა. ამის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს საეპისკოპოსო მამულები და სხვა „საქონებელი“ ისევ მჭიდროდ დაკავშირებია მცხეთის საკათალიკოსო საყდარს.

თურქ-ოსმალთა გაძლიერებული შემოტევები სამხრ. საქართველოზე XVI ს. ბოლოს აქ მათი გაბატონებით დასრულდა. ა. ს-ს, ცხადია, მრევლი თანდათან უმცირდებოდა და იგი სუსტდებოდა. 1614–18 ჯერ კიდევ იხსენიებიან აწყურის არქიეპისკოპოსები, რ-თაც ქართლის კათოლიკოსი ნიშნავდა.

1645 ერთ საბუთში იხსენიებიან სამცხიდან ქართლში გადმოსახლებული აწყურის ღმრთისმშობლის კუთვნილი აზნაურები და გლეხები, რ-თაც როსტომ მეფე ათავისუფლებს სხვა სათხოვრისაგან მცხეთის სათხოვრის გარდა. იქვე ნათქვამია, რომ, თუ სამცხე-საათაბაგოში ოდესმე გამოჩნდებოდა ქრისტიანი მფლობელი და მოინდომებდა თავისი ხალხის უკან გადასახლებას, ამაში მას ხელს არავინ შეუშლიდა.

თურქეთის ბატონობის პერიოდში მოშლილი ა. ს. კათედრალი ჩვენს დროშიც დიდხანს ნანგრევებად ქცეული იდგა. უკანასკნელ პერიოდში დაიწყო მისი გათხრა-გასუფთავება, რასაც ტაძრის რესტავრაცია უნდა მოჰყვეს.

წყარო: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2–3, თბ., 1965–70; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: კაკაბაძე ს., ისტორიული საბუთები, ტ. 2, ტფ., 1913; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; Какабадзе С. С., Грузинские документы Инситута народов Азии АН СССР, М., 1967; Пурцеладзе Д. П., Грузинские церковные гуджары (грамоты), Тфл., 1881.


დ. ბერძენიშვილი