აწყურის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ამავე სახელწოდების სოფელში.
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანახმად, აწყურში საეპისკოპოსო ტაძარი უკვე გრიგოლ ხანძთელის დროს, ე. ი. VIII–IX სს-ში არსებობდა. გრიგოლის ერთ-ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა. სხვადასხვა დროს იქ მოღვაწეობდნენ მწერლები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავები. ქართ. წერილობითი კულტ. განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს იქ მოღვაწე გიორგი მაწყვერელმა (IX–X სს.), გაბრიელ კოტიამ (XI ს.), გრიგოლმა, იოაკიმე მაწყვერელმა, სვიმეონ კარგარეთელმა, იერემია მაწყვერელმა (ყველა XVI ს.) და სხვ.
ა. ტ-ის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში. მემატიანე გადმოგვცემს, რომ XIII ს. მიწურულში, მიწისძვრის დროს (აღდგომის წინა დღეს), ხატი ეკლესიის შუაში ესვენა, ჩამოქცეული გუმბათი მას ქუდივით დაეხურა და ასე გადარჩა. აწყურის ტერიტორიაზე შემორჩენილი ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები დღესაც გვაოცებს თავისი სიდიდით (იგი ფართობით სვეტიცხოველსაც კი სჭარბობს). გაირჩევა 2 სამშენებლო ფენა ‒ X – XI და XIII – XIV სს. ახლა გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია. შედარებით უკეთაა გადარჩენილი აღმ. ნაწილი. საკურთხეველსა და მის ორივე მხარეს მდებარე სათავსებს (ე. წ. სადიაკვანესა და სამსხვერპლოს) აღმ-ით შვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია საკურთხევლის კუთხეების მორთულობა ‒ კედლის წვრილი სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით. საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა (თაღებისა და სარკმლის მოჩუქურთმებული არშიის ნაწილები) მოწმობს, რომ შენობის ეს მონაკვეთი XIII ს-ზე ადრინდელია; იგი, როგორც ჩანს, გადაურჩა იმ მიწისძვრას, რ-მაც ძლიერ დაანგრია ა. ტ. დას. კედელი მიწისძვრის შემდეგ არ აღუდგენიათ. ამჟამად მისი პერანგიც თითქმის სულ ჩამოცლილია. ძვ. ფოტოსურათებზე ჩანს მისი გარე მორთულობა, რ-იც ხასიათით XIII – XIV სს. მიჯნას ან XIV ს. I ნახევარს მიეკუთვნება. XVI ს-ში ა. ტ-ში ჯერ კიდევ იყო წირვა-ლოცვა, იგი მოქმედებდა XVIII ს. II ნახევარშიც. თვით XIX ს. დასაწყისამდე. როგორც ჩანს, ძეგლი საბოლოოდ დანგრეულია ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში. ა. ტ-ის მახლობლად აღმართულია აწყურის ციხე, შემორჩენილია X – XIII სს. ეკლესიის ნანგრევები, სლესის ციხე (მოქცევის ციხე).
ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962.
ვ. ბერიძე
ლ. მენაბდე