აწყურის ციხე, ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ-ზე.
აქ გადიოდა ის მთავარი სახმელეთო გზა, რ-იც საქართველოს წინა აზიასთან აკავშირებდა. ამავე გზით მოდიოდა მტერიც. ამიტომ აქ, უმთავრესი გზებისა და ცენტრების ირგვლივ, ოდითგანვე შეიქმნა სიმაგრეთა სისტემა, რ-ის შემადგენლობაში ა. ც-ც შედიოდა. ციხე სამხრ-იდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XI ს. 40-იან წლებში ა. ც-ის პატრონი იყო არტანუჯის ერისთავი აბუსერი. XIII ს. 60 – 70-იან წლებში ა. ც-თან მოხდა ბრძოლა მონღოლ მარბიელსა და ქართველ-მონღოლთა ერთიან ლაშქარს შორის. 1486 თურქმნათა ფადიშაჰმა იაყუბ-ყაენმა ა. ც-ს ალყა შემოარტყა. ტაძრის გადასარჩენად მეციხოვნენი დანებდნენ, მაგრამ მტერმა საყდარი მაინც გაძარცვა. XVI ს. II ნახევარში ა. ც. ოსმალებმა დაიკავეს. 1770 ა. ც-ს ქართველ-რუსთა გაერთ. ლაშქარი შემოეწყო. ა. ც-ის აღება ვერ მოხერხდა, რადგან იერიში გენ. გ. ტოტლებენმა ჩაშალა და ციხე კვლავ ოსმალებს დარჩათ. 1829 რუს. იმპერიასა და ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ა. ც. განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან.
ა. ც-ის აშენებისას მოხერხებულად გამოუყენებიათ მაღალი და ძნელად მისადგომი კლდოვანი რელიეფი, იგი გაუმაგრებით კედლებით და სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შეუქმნიათ. ციხე ათასი წლის მანძილზე მოქმედი იყო, თუმცა რამდენჯერმე დაინგრა, როგორც მტრის ხელით, ისე მიწისძვრის გამო. ამიტომ მრავალჯერაა აღდგენილი და ქრონოლოგიურად განსხვავებული სხვადასხვა სამშენებლო ფენისაგან შედგება. უკეთაა შემონახული ყველაზე მაღალი ციტადელი. ციხის შიგნით ცალკეული ნაგებობები ძნელად მისადგომ კლდეებზე იყო განლაგებული. ამის გამო მტერი ციხეში შეჭრის შემდეგაც ადვილად ვერ იმორჩილებდა მას. ციხის ჩრდ.-დას-ით ეზოს ბოლოდან გალავნის კედლის გაყოლებით მიემართება ვიწრო გვირაბი, რ-ის შესასვლელი ახლა გზის პირას, მტკვრის ნაპირზეა. ციხის სამხრ-ით დაახლ. ნახევარ კმ-ზე ცნობილი აწყურის ტაძარია.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, 4, თბ., 1955–59, 1973.
დ. ბერძენიშვილი
ვ. ბერიძე