ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე [3 (15). XI. 1853, სოფ. ზიარი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 27. I. 1921, თბილისი], მწერალი, მეცნიერი, საზ. მოღვაწე.
დიდი მონდომების მეოხებით შეძლო სათანადო განათლების მიღება. 1872 ახალქალაქში ფერშლად დანიშნეს. 1880 იქვე გახსნა პირველი აფთიაქი. 1889–91 სწავლობდა ხარკოვის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტზე. პროვიზორის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა პრაქტ. საქმიანობას. ლიტ. მოღვაწეობა 1875 დაიწყო. მისი პირველი კორესპონდენცია და წერილები ჯავახეთიდან 1875 დაიბეჭდა გაზ. „დროებაში“. პრესაში აქვეყნებდა აგრეთვე წერილებს, ისტ.-ეთნოგრ., ფოლკლორულ, სამედ. ხასიათის ნარკვევებს, მოთხრობებს, მგზავრის შთაბეჭდილებებს, სამეცნ.-პოპულ. ხასიათის თხზულებებს. აღსანიშნავია ა-ის ნაშრომები: „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912–14), „ვარძიის მონასტერი“, „ჯავახეთი“ და სხვ. დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“ (1913), „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916). „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით ახალქალაქში გახსნა ქართ. გიმნაზია, ჯავახეთის სოფლებში – სკოლები და სამკითხველოები, ავრცელებდა ქართ. წიგნებს, სახელმძღვანელოებს, სახ. განათლებისთვის აგროვებდა შეწირულებებს.
ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ს. მესხთან, გ. წერეთელთან, ა. თუმანიშვილ-წერეთელთან და სხვ. მისი პირადი წერილები დაცულია აღნიშუნლ მწერალთა ფონდებში.
თხზ.: ბუნება და ცხოვრება (მგზავრის დღიურიდან), თბ., 1897; ბუნება სურათებში. „ჯეჯილის“ ალბომი, თბ., 1899.
ლიტ.: კეკელიძე მ., ილია ალხაზიშვილი «მნათობი», 1953, №11.
შ. გოზალიშვილი