ამამლო

ამამლო. ამამლოს ეკლესია.
ამალოს ქვაჯვარის კვარცხლბეკის წარწერა. XIII–XIV სს.

ამამლო, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. ამამლოსწყლის (მაშავრის აუზი) მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ანგრევანი, ბაზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი). ზ. დ. 1180 მ, დმანისიდან 9 კმ. 532 ათ. მცხ. (2014).

სოფლის სამხრ-ით, 1 კმ-ზე, ძვ. ნამოსახლარია, გალავანშემორტყმული XII ს. ეკლესიითა და მცირე სასაფლაოთი. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილ. სამშენებლო ტრადიციების გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმ. მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რ-ის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრ-იდანაა. თითო სარკმელია დას. და სამხრ. კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რ-საც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის მორთულობა სადაა. დას. ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთ-მეფე თამარი, ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში. ძვ. სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართ. წარწერით. იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII–IX სს. მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII–XIV სს-ით თარიღდება. ა-ს მახლობლად დგას შუა საუკ. მოხატული ეკლესია.

ლიტ.: მეფისაშვილი რ., კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, «ძეგლის მეგობარი», 1971, №26; მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.