ამაშუკელი ელგუჯა (გუჯი) გიორგის ძე (დ. 6. VII. 1941, ბორჯომი), ოქრომჭედელი, მოქანდაკე.
უმთავრესად მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების დარგში. სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკ-ტზე. 1974-იდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. ა. აქტიურად მონაწილეობს საფრ. კულტურულ ცხოვრებაში, სარგებლობს დიდი პოპულარობით. მიღებული აქვს საფრ. ჯილდოები: „ოქროს ოსკარი“ (1980), „ოქროს პალმა“ (1982), ხელოვნების ოსტატთა დიდი პრიზი (1987). არის „ხელოვნებისა და ლიტერატურის“ ორდენის კავალერი. ა-ის პერსონალური გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (საფრანგეთი, 1975, 1981, 1982; გფრ, 1983; აშშ, 1986–87; ინგლისი, 1988). მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებულია საფრ., აშშ-ის, გფრ-ის წამყვან მუზეუმებში. სამი ნამუშევარი – „აღდგომის სასანთლე“, „ემბაზი“ და „თუნგი“ (მოვერცხლილი სპილენძი) შეიძინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა. ა. ფრანგ. სამხატვრო ასოციაციის „ჰეფესტოს“ ფუძემდებელია. ა-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, მასალის ფაქტურის გამოვლენის უნარი (ვერცხლი, სპილენძი, მთის ბროლი, ლილაქვა, სადაფი ქვა, ხე და სხვ.). ა-ის ნამუშევარი ჭურჭლები, ციცხვები, სამკაულთა შესანახი ყუთები, ფიბულები, სასანთლეები, ყელსაბამები, სამაჯურები შექმნილია ძვ. და თანამედროვე ფორმების შერწყმით. მისი კომპოზიციები სადა და მონუმენტურია. მხატვარმა შეისწავლა ძვ. ბერძნ., აღმ., ბიზანტ., განსაკუთრებით კი ქართ. ხელოვნება, ამიტომაც ქმნის თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ფორმებს, რ-იც მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრადიციულ ხელოვნებასთან.
ა. რეხვიაშვილი
გ. ხუციშვილი