ამაშუკელი ელგუჯა დავითის ძე (22. VI. 1928, თბილისი, – 10. III. 2002, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1978). 1988 მიენიჭა სსრკ სახ. მხატვრის წოდება. რუსეთის სამხატვრო აკად. წ.-კორ. (1988), საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის თავ-რე (1981-იდან).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1955), იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1954-იდან. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. თუმცა ძირითადად მონუმენტალისტია, წარმატებით მუშაობდა დაზგურ ქანდაკებაში, ქმნა რელიეფები. ა-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აქტუალობა, მოქალაქეობრივი და პატრ. პათოსი, სივრცისა და რიტმის უნაკლო გრძნობა, ნათელი და ცხადი სილუეტი, მონუმენტურობა, შინაგანი დინამიკა, ზოგჯერ – მკვეთრი ექსპრესია, მასალის ფაქტურის შეგრძნების უტყუარი ალღო, განწყობილების შექმნის უნარი; ხშირად მიმართავდა სიმბოლოებსა და ალეგორიებს.
ა-ის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართვლის დედა“ (ხე, 1958; ალუმინი, 1963, თბილისი, რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1965), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959, პირველი პრემია საკავშ. კონკურსზე, დაიდგა 1967, ბრინჯაო, თბილისი), დიდების მემორიალი (1965, დაიდგა 1967, ბრინჯაო, ფოთი), ნიკო ფიროსმანაშვილი (1974, ბრინჯაო), რ. ერისთავი (1974, ბრინჯაო, ორივე თბილისი), გამარჯვების მემორიალები (1979, მალთაყვა, ბრინჯაო; გორი, ბრინჯაო, სსრკ სახელმწ. პრემია, 1986), „დედა ენა“ (ცოდნის ზარი, 1981–83, ბრინჯაო, თბილისი, ი. გოგებაშვილის სახ. პრემია, 1984), „ვეფხი და მოყმე“ (1985, ბრინჯაო, თბილისი), მემედ აბაშიძე (1998, ბრინჯაო, თბილისი), გიორგი ლეონიძე (2000, ბრინჯაო, თბილისი, მთაწმინდის პანთეონი), ფარნავაზ I (2000, ბრინჯაო, თბილისი, ი. ჭავჭავაძე (1987, ბრიჯაო, ბათუმი), დავით აღმაშენებლის მონუმენტი (1995, ბრინჯაო, ქუთაისი) და სხვ. რელიეფური კომპოზიციები: თბილ. მეტროპოლიტენის სადგ. „რუსთაველის“ პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილ. შემოსასვლელებთან (1957–58), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958) და სხვ. ავტორია წიგნისა „მეექვსე გრძნობა“ (თბილისი, 1987).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ა. ჩხარტიშვილი