ამბარა, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტის მგუძირხვის თემში, (აფხაზეთის არ), შავი ზღვის ნაპირას, მიუსერის კონცხზე. ადგილმნიშვნელობის კურორტი. ზ. დ. 80 მ, გუდაუთიდან 13 კმ.
ა-ში შემონახულია ადრინდ. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი – ეკლესია (VII–VIII სს.), ზღუდე (შუა საუკ.) და სამოქალაქო შენობათა ნანგრევები (X ს.). ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით შემოსილი ეკლესია, რ-მაც ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. დას. მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიანდ. შუა საუკუნეებშია აღდგენილი (კვლავ დაზიანებულია). ა-ის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტ. ძეგლთა შორის.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: Рчеулишвили Л. Д., Некоторые аспекты грузинской архитектуры Черноморского побережья, წგ.: Средневековое искусство. Русь. Грузия, М., 1978.
ლ. რჩეულიშვილი