აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობისა.
დაარსდა 1908 ბათუმში როგორც კერძო მუზეუმი, 1921 გადაკეთდა საქალაქო მუზეუმად, 1925 – აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად, 1943 მიენიჭა სახელმწ. მუზეუმის სახელი. მუზეუმს აქვს ბუნების (ფლორა და ფაუნა), აჭარის ისტორიის (არქეოლოგია-ეთნოგრაფია და ისტორია) და სამეცნიერო-საცნობარო ფონდების განყ-ბები და ექსპოზიციები.
მუზეუმის ფონდში დაცულია 120 ათ-ზე მეტი ექსპონატი, მ. შ. არქეოლ. გათხრებისა (აჭარისწყლის ხეობის, ბათუმის ციხის, ქობულეთ-ფიჭვნარისა და სხვ.) და შემთხვევით აღმოჩენილი მრავალფეროვანი ნივთიერი კულტურის ძეგლები. ყურადრებას იქცევს ახალი ქვის ხანის მასალა, რ-იც ადასტურებს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მწარმოებლური მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ასევე მდიდარია ბრინჯაოს ხანის კოლექცია: საბრძოლო, სამეურნეო და საკულტო ხასიათის იარაღები (გრავირებული კოლხური ცულები ცხოველთა გამოსახულებით, თოხები, სეგმენტები, წალდები და ა. შ.). უმდიდრესია ანტ. ხანის არქეოლ. მასალის კოლექცია, სადაც წარმოდგენილია კოლხ. და ანტ. სამყაროს კერამ. ნაწარმის საუკეთესო ნიმუშები, ტორევტიკისა და ოქრომჭედლობის შესანიშნავი ძეგლები, ნუმიზმატიკური მასალა, მინის ნაწარმი და სხვ. სამკაულიდან აღსანიშნავია სხვადასხვა ფორმის საყურეები, ყელსაბამები ჩიტებისა და ჯიხვის გამოსახულებით, ბეჭდები, მძივები, სასაფეთქლეები, კილიტები, ჭურჭლიდან ‒ შავ-და წითელლაკიანი თიხის სასმისები, სანელსაცხებლეები და სხვ. განსაკუთრებულ ყურადრებას იქცევს წითელფიგურიანი კრატერი (არქეოლ. მასალა გადაეცემა ახლადშექმნილ აჭარის არქეოლ. მუზეუმს).
ოქროს ნივთების იშვიათ ფონდში მრავალფეროვნებითა და მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა 1974 გონიოს ციხესთან შემთხვევით აღმოჩენილი ოქროს განძი (II – III სს.), რ-შიც შედის 26 დასახელების ნივთი. საგანძურში ინახება აგრეთვე 1946 სოფ. მახოში (ხელვაჩაურის რ-ნი) ნაპოვნი ქართ. ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშები – გავარსით შემკული გულსაბნევი, ძეწკვი, სამაჯურები და სხვ. (ძვ. წ. VI – IV სს.).
მუზეუმში დაცულია მრავალფეროვანი ეთნოგრ. კოლექციის: სამეურნეო და საოჯახო ყოფის დამახასიათებელი ნივთიერი კულტურა, მ. შ. აღსანიშნავია სამიწათმოქმედო, ხის დასამუშ., მეღვინეობა-მევენახეობის, მეფუტკრეობის, ნაოსნობისა და სხვა სახის იარაღ-ინვენტარი; ხის, სპილენძისა და თიხის ჭურჭელი, მამაკაცისა და ქალის ჩაცმულობის, სამკაულის საინტერესო ნიმუშები. განსაკუთრებულ ყურადრებას იქცევს ოქროთი და ვერცხლით შემკული მაჭახლური თოფები (XVII – XIX სს.), დამბაჩები, ხმლები და სხვა იარაღი; სპილოს ძვლისაგან დამზადებული აღმოსავლური სტილის ჭადრაკი (XVII – XVIII სს.), ჩინური და ევრ. ფაიფურის ლარნაკები და სხვა ჭურჭლის ნიმუშები (XVIII –XIX სს.).
ბუნების განყ-ბა თავისი კოლექციებით ნათლად ასახავს ნოტიო სუბტროპ. ჰავისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს ვერტ. ზონალობის მიხედვით, აჭარის სასარგებლო წიაღისეულსა და მინერ. რესურსებს.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია 1600-მდე ხელნაწერი ქართ., რუს., სომხ., სპარს., არაბ., თურქ. და სხვა ენებზე. ყურადღებას იქცევს საისტ. და სამართ. ძეგლები, სიგელები, ნასყიდობა-ნაჩუქრობის, მზითვის წიგნები, სოც. და პოლიტ. ურთიერთობის ამსახველი საბუთები, მათგან უძველესი XVI ს-ით თარიღდება.
მუზეუმის სამეცნ. ბ-კაში დაცულია 70 ათ-მდე წიგნ-ერთეული.
1981-იდან მუზეუმს აქვს პეტრის ციხის (ციხისძირი) ფილიალი. ა. ს. მ-ის ხელმძღვანელობითა და მეცნ.-მეთოდ. დახმარებით შეიქმნა სახ. მუზეუმების ქსელი: ბათუმის ნავთობგადასამუშ. ქ-ნის საქარხნო, ბობოყვათის მუზეუმ-გალერეა, ხულოს რ-ნული, სხალთის XII ს. ეკლესიაში ძეგლ-მუზეუმი, სოფ. ზედა კვირიკეს (ქობულეთის რ-ნი) ეთნოგრ., ბათ. ნავთობჩამომსხმელი ბაზის, სანაოსნოს, ელექტრომექან. ქ-ნის, №2 ქართ. საშ. სკოლის, სოფ. ზედა ჩხუტუნეთის (ხელვაჩაურის რ-ნი) გ. ზედგენიძის სახლ-მუზეუმი და სხვა სახ. მუზეუმის სტატუსით ან საზ. საწყისებზე არსებული მუზეუმები, რ-ებშიც დაცულია 30 ათ-ზე მეტი ნივთი და კოლექცია.
ა. ს. მ-ში გაშლილი ფართო სამეცნ.-კვლ. და საგანმან. საქმიანობის შედეგად გამოიცა მუზეუმის შრომების 10 კრებული, მონოგრაფიებისა და ცალკეული სტატიების სახით მუზეუმის თანამშრომლებს შესრულებული აქვთ მრავალი ნაშრომი.
1994 წ. მარტში აჭარის კულტურის სამინისტროს ბრძანებით შეიქმნა აჭარის სამუზეუმო გაერთიანება, რ-შიც შევიდა ა. ს. მ-იც.
ა. დავითაძე
ხ. ახვლედიანი
ფ. სიხარულიძე