აჭარის ქვაბული

აჭარის ქვაბული, მთიანი ქვაბული დასავლეთ საქართველოში. ჩრდ-იდან შემოსაზღვრულია მესხეთის, სამხრ-იდან ‒ შავშეთის, აღმ-იდან ‒ არსიანის ქედებით, დას-იდან აჭარა-გურიის მთისწინეთი კეტავს.

ა. ქ. აგებულია ძირითადად შუაეოცენური დანალექებით: ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით, ანდეზიტებით, ზოგან ეოცენური სიენიტ-დიორიტებით, აგრეთვე ტუფ-ქვიშაქვებით, ქვიშაქვებითა და არგილითებით. აბსოლ. სიმაღლე 100 – 1000 მ-იდან (ხეობათა ძირი) 1400–1500 მ-მდეა (ქვაბულის კიდეები). ა. ქ. ხასიათდება საშუალმთიანი ეროზიული რელიეფით.

ა. ქ-ში 1000-იდან 1500 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული ‒ ხანგრძლივი და თბილი. ქვემოთ ჰავა შედარებით მშრალია, ზაფხული ‒ ცხელი. 1000 მ-მდე იანვ. ტემპ-რა 1-იდან 3ºC-მდეა (ხულო 1ºC, ქედა 3,1ºC, ფურტიო 1,5ºC). ყველაზე თბილი თვის საშ. ტემპ-რა 20 – 20,5ºC. საშ. წლ. ტემპ-რა 10-იდან 12,7ºC ფარგლებშია. აბსოლ. მინ. –15, ‒18ºC, აბსოლ მაქს. 39 – 40ºC აღწევს. ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 700 – 1800 მმ შორის მერყეობს.

ა. ქ-ის ჰიდროგრ. ქსელს შეადგენს მდ. აჭარისწყალი და მისი შენაკადები, აგრეთვე მრავალი მიწისქვეშა წყარო. გაბატონებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. ქვაბულის ყველაზე დაბალ ადგილებში, მთისწინეთში არის წითელმიწები. ტყის ქვედა სარტყელში ჭარბობს მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, აგრეთვე ფიჭვი; ზედაში ‒ ნაძვი, სოჭი, არყი. ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპ. მდელოებია. აჭარისწყლის ხეობის ფსკერზე და სამხრ. ფერდობის ქვედა ზონაში მცენარეულობა ქსეროფიტულ იერს ატარებს.

ა. ქ-ის ძირითადი ლანდშაფტებია: ნოტიო სუბტროპ. ბორცვიანი მთისწინეთი ფართოფოთლოვანი ტყითა და წითელმიწებით; დაბალი და საშ. მთის მთა-ხეობათა რელიეფის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები და ფიჭვნარები; საშ. მთის მუქწიწვოვნები ტყის ყომრალ ნიადაგებზე. სუბალპ. და ალპ. მდელოთა ფრაგმენტები.


დ. უკლება