აჭარლები

აჭარლები, ქართველების ერთ-ერთი ეთნოგრ. ჯგუფი, აჭარის ძირითადი მოსახლეობა.

მშობლიური ენა ‒ ქართული.

ეთნონიმი ნაწარმოები საქართველოს ძვ. ისტ. პროვინციის ‒ აჭარის სახელწოდებიდან. სხვა ქართველ ტომებთან ერთად ა. ძველთაგანვე ქართ. სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში შედიოდნენ და ქრისტიანები იყვნენ. თურქ. ბატონობის პერიოდში (XVI ს. II ნახ.–1878) მიაღებინეს მაჰმადიანობა. ამასთან ა-მა შეინარჩუნეს ეროვნ. თვითშეგნება, მშობლიური ენა, ყოფისა და კულტ. თვითმყოფი ფორმები. ძვ. აჭარისათვის დამახასიათებელი იყო განვითარებული ალპური მეურნეობა ტერასული მიწათმოქმედების რთული სისტემითა და მეცხოველეობის მრავალსაფეხურიანი წლიური ციკლით. აღსანიშნავია საცხოვრ. ნაგებობები ჯარგვალი (მთაში), ხულა (ფერდობზე) და ლაზური ოდის მსგავსი ჩარხილი (ბარში). ქართული კოსტიუმის თავისებური სახეობაა აჭარელი მამაკაცის კოსტიუმი – ჩაქურა და ქალისა ‒ ზუბუნფარაგა. მდიდარი და ორიგინალურია აჭარის მუს. ფოლკლორი. აქაური ოთხხმიანი სიმღერა ქართული მუს. კულტ. დამახასიათებელი თავისებურებაა.

ლიტ.: სახოკია თ., მოგზაურობანი. [გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი], თბ., 1950.

ა. რობაქიძე