აჭარული დიალექტი

აჭარული დიალექტი, ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი.

ძირითადად წარმოდგენილია აჭარაში. გავრცელებული აგრეთვე ისტ. აჭარის იმ ტერიტორიაზე, რ-იც ამჟამად თურქ. საზღვრებშია მოქცეული, და გურიის რამდენიმე სოფელში. ა. დ. იყოფა ზემოაჭარულ და ქვემოაჭარულ კილოკავებად.

ძირითადი ფონეტ. თავისებურებები: დასტურდება ჲ, ი ხმოვნის პოზიციური ნაირსახეობა ხმოვნის მომდევნო ან წინა პოზიციაში: ანა-ჲ... (ზოგჯერ ისმის სრულხმოვანი ი-ც), ანა-ჲს, ანა-ჲთ, გეჲწურება „გაიწურება“, ჲაღი „ერბო“...

უ არის პოზიციური ნაირსახეობა ვ (ექუსი, ბეური) და უ (იქაურობა, დანაშაული) ფონემებისა.

გვაქვს ა, ე, ი და უ გრძელი ხმოვნები, რ-ებიც ყველა შემთხვევაში პოზიციურია და მიიღება ძირითადად სამი გზით: იდენტური ხმოვნების შერწყმით, რასაც ხშირად წინ უსწრებს სრული ასიმილაცია ან ბგერის დაკარგვა (გაუკეთა>გუუკეთა>გუკეთა; მამამისი>მაამისი>მამისი); დაკარგული რ სონანტის საკომპენსაციოდ ხმოვნის დაგრძელებით (ერთი> ეთი, აღარ >აღა); დამოკიდებული წინადადების ბოლო სიტყვის ბოლოკიდურა ხმოვნის დაგრძელებით, თუ მას მოსდევს მთავარი წინადადება („იქით ომ დიდი სახლია, იქშია იგი გოგო“).

იშვიათია ჷ, რ-იც დასტურდება რედუცირებული ხმოვნის პოზიციაში (ღორჯომელი ღორჯჷმელი), ანაპტიქსურ ხმოვნად (ცხჷრა „ცხრა“).

დამახასიათებელია თანხმოვანთგამყარად ხმოვნის ჩართვის შემთხვევები: კილდე „კლდე“, ხიშირი „ხშირი“, ქიფილი „ფქვილი“, წკინელი „წკნელი“...

პრევერბებში ჩვეულებრივია სრული რეგრესული ასიმილაცია: გაუკეთა>გუუკეთა, მოეწყო>მეეწყო, წამიყვანა>წიმიყვანა: ხმოვნის ასიმილაციას იწვევს მ სონანტიც: რომ > რუმ. ეე ხშირად იცვლება დისიმილაციის საფუძველზეც: დაეკიდე > დეეკიდე > დიეკიდე > დჲეკიდე; დისიმილაციით იცვლება ოა და ოე კომპლექსებიც: მოაგონდა > მუაგონდა, ვათხოვე > ვათხოე > ვათხუე. დასტურდება დისტანციური დისიმილაცია აა კომპლექსისა: გავა > გევა.

I სუბიექტური პირის ვ-ნიშნის მომდევნოდ ზმნისწინიან ფორმებში იკარგება ი- პრეფიქსი: დავიწყე > დევიწყე.

სპეციფიკურია ს>ჰ: სად>ჰად, ბიჭოს>ბიჭოჰ...

უხვადაა წარმოდგენილი ბგერათა გაჩენა, დაკარგვა, მეტათეზისი, აფრიკატიზაცია-დეზაფრიკატიზაცია..., რაც მეტ-ნაკლებად ქართ. ენის სხვა დიალექტებშიც გვხვდება.

მორფოლ. თავისებურებები: ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები სახ. ბრუნვაში დაირთავენ -ჲ || -ი ნიშანს: დაჲ, თვეჲ... -ია დაბოლოებიანი სახელები ხშირად წარმოდგენილია -იე დაბოლოებით: ზექიე, ფიქრიე...

ხშირია ნათესაობითსა და მოქმედებითში ფუძის უკვეცელობის შემთხვევები: ქოსაჲს, ქოსაჲთ...

-ში და -ზე თანდებულები დაერთვის აქ, იქ, მაქ ზმნისართებს: აქში, აქზე (> აგზე). -ვით > -ვე || -ვეთ || -ვენ || -ვინ (ძმასავე || ძმასავეთ || ძმასავენ || ძმასავინ). -ებრ > -ეფ || -ვეფ (ხარსაებრ>ხარსაეფ || ხარსავეფ). -თვის (|| თვინაჲ) თანდებულს ხშირად ცვლის ბარობაჲ || გულობაჲ (ჩემბარობაჲ, ჩემგულობაჲ). -გარდა თანდებულს ენაცვლება გან-მეტი >გამ-მეტი (შენ-გამმეტი „შენ გარდა“) ... ზემოაჭარულში შეინიშნება -დამ (ნაფოცხვარიდამ).

ზოგ თქმაში დასტურდება ორმაგი მრავლობითის ფორმები: აგი-ნ-ებ-ი, იგი-ნ-ებ-ი.

ირიბი ობიექტისა და (ინვერსიულ ზმნებში) რეალური სუბიექტის მრავლობითობა გამოიხატება -ან, -ენ და -ეს სუფიქსებით: უწე-ვან „უწევთ“, ეთქვენ „ეთქვათ“, დიეწერეს „დაეწერათ“...

უძველესი ფორმაციის ზმნები (უპირველესად ზემოაჭარულში) ინარჩუნებენ მარტივ ფუძეს აწმყოში: ლეკ-ს, თიბ-ს, რეკ-ს, ნაყ-ს. პრეფიქსიანი ვნებითი ხშირად იწარმოება არქაული წესით: იმალვის, იხარშვის, იდგმის...

ნამყო უსრულში -ავ და -ამ თემის ნიშნები გახმოვანებას იცვლიან; გვაქვს პარალელური ფორმები: მალევდა || მალვიდა, დგემდა || დგმიდა...

ვალდებულებით კილოში უნდა >ნა: ის-ნა წევდეს „ის უნდა წავიდეს“.

ზოგ თქმაში (მაგ., მაჭახელის ხეობაში) წარმომავლობის სახელები იწარმოება -არ სუფიქსით: ჯვართა >ჯვართარი „ჯვართელი“. გათხოვილი ქალის წარმომავლობა აღინიშნება -ურა სუფიქსით: ბათუმურაჲ „ბათუმიდან გამოთხოვილი ქალი“.

აღსანიშნავია ზოგი სინტაქსური თავისებურებაც: ზემოაჭარულში დასტურდება სპეციფ. კონსტრუქციები ტიპისა: ჩემთვინ იგი არ უხსენებია „მე არ ვუხსენებივარ“, ჩემთვინ იმან გათოხნაო „უთქვამს, რომ მე გავთოხნე“.

ლექსიკა ყურადრებას იქცევს არქაული ფორმების (ბეჩი, ზაკუელი, კელობს), დიალექტური ინოვაციებისა (ბაძაგნარი, დაკივანება, დანაძირება) და ნასესხობათა მრავალფეროვნებით. სესხება ხდება ზანურიდან, კერძოდ, ჭანური კილოდან (ჯარგვალი, კუჩხე, ქვიჯა), ზოგი ფორმა შემოსულია თურქულიდან (ბეგი,ბალდიზი, ტაიაჲ, ჩორბა, ჰაჯი), რ-თა უმეტესობა ამჟამად საკუთრივ ქართ. ეკვივალენტებითაა შეცვლილი.

ლიტ.: ლომთათიძე ქ., დამოკიდებული წინადადების ერთი თავისებურება ზოგ ქართულდიალექტში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1946, ტ. 1; ნიჟარაძე შ., აჭარულიდიალექტი, ბათ., 1975; ნოღაიდელი ჯ., ნარკვევები და ჩანაწერები, წგ. 2, ბათ., 1972.

ბ. ჯორბენაძე