აჭი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის თემში (გურიის რეგიონი), გურიის მთისწინეთში, მდ. აჭისწყლის (ბჟუჟის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 300 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. 36 მცხ. (2014).
სოფელში ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე დგას თლილი ქვის სწორი კვადრებით აგებული წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (XIII ს. დასასრ.). შესასვლელი ორი მხრიდან აქვს ‒ სამხრ-იდან და დას-იდან. ორივე კარის თავზე მოჩუქურთმებული ჯვრებია გამოსახული. სამხრ. კარის თავზე ასომთავრულით შესრულებული ვრცელი სამშენებლო წარწერაა. ა-ის ეკლესია განსაკუთრებით საინტერესოა მოხატულობით, რ-ის საერთო კოლორიტი (ოქროსფერი, მწვანე, სადაფისფერი ტონები), სახეების წერის მანერა მას XIII ს. მიწურულის პალეოლოგოსთა (ბიზანტ. იმპერატორების უკანასკნელი დინასტია XI ს.–1453) ხანის ძეგლებთან აახლოებს. ამავე დროს აშკარად ჩანს ორგანული კავშირი ქართ. იკონოგრაფიულ ტრადიციებთან.
ა-ის ფერწერა ერთი იმ უკანასკნელ ძეგლთაგანია, რ-შიც ჯერ კიდევ ჩანს ოსტატობის მაღალი დონე და განსხვავდება შემდგომი ხანის უშუალო, მაგრამ პრიმიტ. მოხატულობისაგან.
ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები, წგ. 1, ტფ., 1907; Иосебидзе Д., Роспись Ачи-памятник грузинской монументальной живописи конца XIII века, Тб., 1989; Кондаков Н., Бакрадзе Д., Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890.
ჯ. იოსებიძე