ახალგორი, დაბა (1960-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის რეგიონი). ახალგორის მუნიციპალიტეტის ცენტრი.
მდებარეობს შიდა ქართლში, ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ქსნის ნაპირას. ზ. დ. 820 მ, თბილისიდან 66 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 26 კმ.
ა-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა; იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9,6ºC, იანვ.–1,6ºC, ივლ. 20,3ºC; აბსოლ. მინ.–28ºC, აბსოლ. მაქს. 38ºC. ნალექები 730 მმ წელიწადში.
ა-ის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ცხოვრობდა. XIV ს-იდან შედიოდა ქსნის საერისთავოში. 1569 მეფე სიმონ I-მა ღალატის გამო ქსნის ერისთავებს ჩამოართვა ა., მაგრამ მათ მალე დაიბრუნეს სამფლობელო. XVI–XVII სს. მიჯნაზე ქსნის საერისთავოს ცენტრმა ქვენიფნევიდან ა-ში გადაინაცვლა; ა-ს ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საქართვ. სხვა მხარეებთან, ასევე ჩრდ. კავკასიასთან. ცნობილი იყო ახალგორული ხელოსნური ნაწარმი. ა. ქსნის საერისთავოს კულტ.-საგანმან. ცენტრიც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ იესე ერისთავი (ყულარაღასი, XVIII ს.), ელიზბარ ერისთავი (XVIII–XIX სს.) და სხვ. 1934‒90 ლენინგორი ერქვა.
დაბაში 2008-მდე იყო ყველ-კარაქის, ხილის წვენებისა და ლიმონათის ქ-ნები, თბილ. ტრიკოტაჟის ფ-კის სამკერვალო საამქრო, ავტოსატრანსპ. საწარმო, სტამბა, მეცხოველეობა, მეტყევეობა. საბავშვო ბაგა-ბაღი, 2 საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, არასრული საშ. სკოლა-ინტერნატი, სამუსიკო სკოლა, ბავშვთა სახლი, ბ-კა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტსახლი, კინოთეატრი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, აფთიაქი, კავშირგაბმ. განყ-ბა.
1969 საპროექტო ინ-ტში „საქქალაქმშენსახპროექტში“ დამუშავდა ა-ის განვითარებისა და განაშენიანების გენ. გეგმა (არქიტ. ვ. გოგიჩაიშვილი).
ა-ში შემორჩენილია XVII ს. დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, რ-იც შედგება 3 ხუროთმოძღვრული კომპლექსისაგან (დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია). ამათგან მთავარი, სამხრით მდებარე, თვით ერისთავის ოჯახისათვის იყო განკუთვნილი, ხოლო 2 დანარჩენი ‒ გვარის სხვა წევრებისათვის. თითოეული მათგანი რამდენჯერმეა გადაკეთებული. მთავარ კომპლექსში შედის სასახლე, კოშკებიანი გალავანი და აბანო. თავდაპირველად აქ აგურით ნაგები, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ნაგებობა ‒ ორსართულიანი სასახლე იდგა. XIX ს. შუა წლებში იგი ამპირის სტილით გადააკეთეს – ქვედა სართული მთელ სიგრძეზე მაღალი სვეტებით გააფორმეს, ზემოთ კი ხის აჟურული აივანი მოაწყვეს. სასახლეს გარს არტყია ოთხკუთხა გალავანი, რ-შიც 4 კოშკია ჩართული. გეგმით კვადრატული 2 კოშკი ადრინდელია, ხოლო მრგვალი და მრავალწახნაგა ‒ მოგვიანო ხანისაა. კოშკთაგან მთავარია სამხრ.-აღმ-ისა. ეს არის სათოფურებით, სალოდეებითა და საზარბაზნეებით აღჭურვილი შვიდსართულიანი ნაგებობა. აბანოს ნანგრევი გალავნის ჩრდ-ითაა.
მეორე ანსამბლი პირველისაგან ჩრდ-ით, 150 მ-ზეა. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. თავდაპირველად იქ იდგა სასახლე გალავნით და მასში ჩართული ერთი კოშკით. შემდეგ გალავნის ყველა კუთხეში თითო კოშკი ჩაუშენებიათ. სასახლე ორსართულიანი იყო, კოშკები ‒ სამსართულიანი. ჰქონდათ სათოფურები და საზარბაზნეები. ორივე კომპლექსი ერთი საერთო კოშკებიანი გალავნითაა გარშემორტყმული. ჭიშკარი დას-ითაა. ჩრდ.-დას-ით დაახლ. 200 მ-ზე მდებარეობს კიდევ ერთი პატარა კომპლექსი, რ-იც შედგება კოშკისა და გალავნისაგან. ორსართულიანი ბანიანი კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისაა, აღჭურვილია სათოფურებითა და სალოდეებით.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 30; Закарая П. П., Древние крепости Грузии, Тб., 1969; Меписашвили Р. С., Цинцадзе В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.
ჯ. გვასალია
პ. ზაქარაია