ამაშუკელი ვასილ (ვასო) იაკობის ძე (14. III. 1886, ქუთაისი, — 2. XII. 1977, იქვე), ქართული დოკუმენტური კინოს ფუძემდებელი, პირველი ქართველი კინოოპერატორი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1974).
დაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო (1893–97). სწავლობდა ვ. ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში. 1900-იდან ფერწერის ხელოვნებას ეუფლებოდა მოსკოვში (ბოლშაკოვის სკოლა). აქ „ცოცხალმა სურათებმა“ გაიტაცა და კინოთეატრ „ელექტრიკის“ კინომექანიკოსის შეგირდი გახდა. 1906 საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სწავლა ელექტროტექნიკუმში გააგრძელა, მალე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბასთან ახალგახსნილ კინოთეატრ „ელექტრო-ბიოგრაფის“კინომექანიკოსად მიიწვიეს. ფრანგ. ფირმა „გომონის“ მოსკ. განყ-ბის კინოოპერატორთა კურსის დამთავრების შემდეგ (1908—10) გადაიღო სიუჟეტები: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სეირნობა კასპიის ზღვის სანაპიროზე“, „ქართული სცენის მოღვაწენი: ეფემია მესხი, კოტე მესხი და სხვანი ქალაქის პარკში“, „ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა“, „ქვანახშირის გადმოზიდვა აქლემებით“, „გემის შემოსვლა „კავკაზ-მერკურიში“, „ქალაქ ბაქოს ხედები“, „კასპიის ზღვის სანაპირო“, „ბაქოს ბაზრის ტიპები“, „ლულა ქებაბის გამყიდველი“, „მეთევზენი კასპიის ზღვასთან“, „ღუნიბის პოლკის აღლუმი 1909 წლის 25 აპრილს“, „ქუჩაში მიმავალი სამხედრო ნაწილი“ და სხვ. 1909 ქუთაისში ახ. ელექტროთეატრის `რადიუმის~ მესაკუთრეებმა (ტ. ასათიანი და პ. მეფისაშვილი) ა. კინომექანიკოსად მიიწვიეს. მან მონაწილეობა მიიღო `რადიუმის~ გამართვაში, სადაც 1921-მდე მუშაობდა. 1910-ის დეკემბერში საბოლოოდ დამკვიდრდა ქუთაისში და „გომონის“ აპარატურით ქალაქის ცხოვრების ქრონიკას და ხედებს იღებდა, იქვე გამართულ პატარა ლაბორატორიაში ამუშავებდა, საღამოს კი ძირითადი პროგრამის დამატებად აჩვენებდა. 1912 ა. ახლდა ა. წერეთელს რაჭა-ლეჩხუმში და ფირზე გადაიღო ამ ისტ. მოგზაურობის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი. მისი ფილმი „ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წლის 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე“ თავისი იდეურ-პროფ. დონითა და მეტრაჟით (1200 მ) იმდროინდელი მსოფლიო დოკ. კინოს ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია. ფილმში მგოსნის მიმართ ქართვ. ხალხის სიყვარულის გარდა, აისახა ქართ. ისტ. ძეგლები და ხალხ. ტრადიციები (შემორჩენილია არასრულად, აღდგენილია 1954 და 2009). ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართ. დოკ. კინემატოგრაფიას. 1913-14 გადაიღო კიდევ რამდენიმე სიუჟეტი: „სამხედრო აღლუმი ქუთაისში“, „ფერმა სოფელ ჭომაში“, „გვირილობა“, „ქალაქ ქუთაისის ხედები“, „ქუთაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან“, „ხონის ძაფსაღები ფაბრიკა“, „ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის იუბილე“, „ნიკოლოზობა“, „ქართული კულტურის მოღვაწენი: სამსონ დათეშიძე, ლადო ბზვანელი და სხვანი სასტუმრო „რიონთან“, „აკაკი წერეთლის მოგზაურობა ქვემო იმერეთის სოფლებში“, „სეირნობა ქალაქის პარკში“, „ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გიმნაზისტები“, „მდინარე რიონის სანაპირო“და სხვ. ბაქოსა და ქუთაისში ა-ის გადაღებული მოკლე სიუჟეტები მიკვლეული არ არის. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ქუთაისში, მუშაობდა ქალაქის საბჭოში ელექტრიკოსად.
ლიტ.: ბურდული ჯ., ვასილ ამაშუკელი, თბ., 1977; გოგოძე კ., ვასილ ამაშუკელი, თბ; 1954; შარაძე ნ., „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, თბ., 2006; ჩხეიძე რ., დოლიძე გ., ვასილ ამაშუკელი, თბ.,1986; „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს“ (მულტიმედიური ალბომი. ავტორები: მ. კერესელიძე, ნ. ნატროშვილი, ნ. ჯანელიძე), თბ., 2009; Гогодзе К., Первый грузинский кинооператор, წგ.: Из историй кино, в. 4, М., 1961.
მ. კერესელიძე