გიორგი აკროპოლიტე (Geōrgios Acropolitēs) (1217, ნიკეა, – 1282 შემდეგ, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიელი დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი.
განათლება მიიღო ნიკეის სამეფო კარზე. ნიკეის იმპერიის ტახტის მემკვიდრის თეოდორე II ლასკარისის მასწავლებელი და მრჩეველი. 1246-იდან იყო ნიკეის, შემდეგ კი – კონსტანტინოპოლის კარზე დიდი ლოგოთეტი. 1240–50 მონაწილეობდა ბულგარეთისა და ეპირის დესპოტატის წინააღმდეგ გამართულ ომებში. 1282 ტრაპიზონში ელჩად გაგზავნეს.
საყურადღებო ცნობას გვაწვდის ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებლებზე – ალექსი და დავით კომნენოსებზე. გ. ა-ს ძირითადი ნაშრომია „ქრონიკა“, რ-იც ნიკიტა ქონიატეს „ისტორიის“ გაგრძელებაა. მასში აღწერილია 1204–61 ამბები. არის აგრეთვე პოემების, რიტორიკული და თეოლ. თხზულებების ავტორი.
თხზ.: Opera, rec. A. Heisenberg, v.1, Lipsiae, 1903; Летопись... სერიაში: Византийские историки, переведенные с греческого..., СПб., 1863.
ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე ა., გიორგი აკროპოლიტესი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 31.
ნ. ლომოური